დავით მუჯირი: "ფუტსალის ლიგა 3-მა დიდი ინტერესი გამოიწვია..."

ყველა სიახლე
26 ნოემბერი 2022

დავით მუჯირი:

ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო გათამაშება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს აიღებს სტარტს. მასში მონაწილეობას რვა გუნდი მიიიღებს - პირველი ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს „დინამო თბილისი“, „რუსთავი“, „სელერო“, „სასკოლო ლიგის აკადემია“,  „ქუთაისი 3“, „ჯიპა“, „სეუ“ და „საქართველოს უნივერსიტეტი 2“ დაუპირისპირდებიან. გუნდების შემადგენლობების 51%, U19 ასაკის ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული.

ფუტსალის ლიგა 3-ს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტული სააგენტო SBM ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ.

25 ნოემბერს სასტუმრო „უინდემ გრანდ თბილის“-მა სადებიუტო სეზონის პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სპორტული სააგნეტო SBM-ის და მონაწილე გუნდების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Sbm.ge გთავაზობთ პრეზენტაციის შემდგომ კომენტარებს:

დავით მუჯირი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: „ჩვენ უკვე რამდენიმე წელია კომპანია SBM-თან ერთად ფუტსალის ლიგას ვატარებთ. წელს უკვე ახალ პროექტს ვიწყებთ, რომელიც სპეციფიკური იქნება. ფუტსალის ლიგა 3-ში თითოეული გუნდის მინიმუმ 51 % 19 წლამდე ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ფუტსალის განვითარებას.

ჩვენი 19 წლამდელთა ნაკრები ფუტსალში ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს, ვისარგებლებ შემთხვევით და მარტში გასამართ შეხვედრებში წარმატებებს ვუსურვებ მათ. ეს პროექტი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სანაკრებო სელექციასაც.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ ფუტსალის ლიგა 3-მა დიდი ინტერესი გამოიწვია, მასში წარმოდგენილი იქნება საფეხბურთო კლუბი რუსთავი და დინამო თბილისი. მინდა მადლობა გადავუხადო მათ და იმედია, სხვა ეროვნული ლიგის გუნდებიც ჩერთვებიან ამ პროექტში. ლიგა 3-დან ორ საუკეთესო გუნდს უფლება ექნება მომავალ წელს ლიგა 2-ში ითამაშოს.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ფუტსალი. იცით, რომ სანაკრებო დონეზეც წინსვლა გვაქვს, პირველი გუნდი ვიყავით საქართველოს მასშტაბით, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გააღწია და რვა საუკეთესო გუნდში მოიპოვა ადგილი. მათაც წარმატებებს ვუსურვებ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე“.

ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტოს „SBM“ CEO: „დღეს უკვე ლიგა 3-ზე ვსაუბრობთ, როცა შვიდი წლის წინ ფუტსალში ჩემპიონატი საერთოდ არ ტარდებოდა. ეს ძალიან დიდი დამსახურებაა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის. დღეს უკვე გვაქვს სამი ლიგა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს ექნებათ იმის საშუალება, რომ დაიმკვიდრონ თავი ფუტსალში. ზოგიერთი მათგანი შეიძლება დიდ ფეხბურთშიც დაბრუნდეს, რადგან ეს ფორმატი არ უშლის მათ ხელს ითამაშონ დიდი ფეხბურთიც. იქიდან გამომდინარე, რომ საპილოტე ღონისძიებაა, ერთ წრედ ჩატარდება და შემდეგ უკვე პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან გუნდები ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და დაძაბული თამაშები გვექნება, რადგან ახალგაზრდული სისხლი, ახალგაზრდული შემართება იქნება. შეიძლება გამოცდილება არ ჰქონდეთ ახლა, მაგრამ პლეი-ოფებში იმ ლამაზ ფუტსალს ვიხილავთ, რომელიც თანდათან იმკვიდრებს საქართველოში ადგილს“.

ზაზა დოლიძე, დინამო თბილისის გენერალური დირექტორი: „ფუტსალში ეროვნული ლიგის ფორმირებიდან მოყოლებული, სურვილი გვაქვს ჩავერთოთ მასში. მოგეხსენებათ, დინამო თბილისს აქვს ძალიან კარგი აკადემია,. იმედი გვაქვს, შევძელბთ აღვზარდოთ ამ აკადმია დამთავრებული ფეხბურთელებისგან ფუტსალის ლიგისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის გამოსადეგი მოთამაშეები.

ეს იდეა დიდი ხანია არსებობს, ბოლო პერიოდში გვქონდა სპორტულ სააგენტო SBM-თან მოლაპარაკება და გადავწყვიტეთ ხორცი შეგვესხა. შედეგად, დავაფუძნეთ დინამო თბილისის ფუტსალის კლუბი. ვიმედოვნებთ, რომ ამ ლიგასთან ერთად გავიზრდებით.

ჩემპიონატში ბევრი უნივერსიტეტია, ასევე არის სკოლების გაერთიანება - ეს მეტყველებს, რომ ფუტსალი მეტად პოპულარული ხდება, ვფიქრობ, ეს წამოწყებაც წარმატებული იქნება“.

ბაჩანა ცხადაძე, საფეხბურთო კლუბის „რუსთავი“ დირექტორი: „ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა საშუალება ვითამაშოთ ფუტსალი. პირველ რიგში, ჩვენი მოტივაცია არის მივცეთ ალტერნატიული გზა ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დიდ ფეხბურთში გზა გაიკვალონ. სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ ასაკობრივი გუნდებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ფუტსალის ელემენტების ჩართულობა სამწვრთნელო პროცესში. ჩვენთვისაც ახალია ეს სპორტი და კლუბის განვითარებისთვის კარგი იქნება. ჩვენი ფარნ გუნდის ფეხბურთელები ხშირად თამაშობენ მინიფეხბურთს, ნელ-ნელა ფუტსალის პირობებს და წესებსაც მიეჩვევიან. გუნდი ძირითადად ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული. ახლა მთავარია ყველამ მივიღოთ საჭირო გამოცდილება“.

არტურ საფარიანი, სეუ-ს ფუტსალის კლუბის პრეზიდენტი: „მოხარულები ვართ, მესამე ლიგაში რომ ვიღებთ მონაწილეობას. უნივერსიტეტებისთვის ძალიან დიდი სტიმულია დაინახონ განვითარება ამ სპორტში. ახალგაზრდებსაც და სტუდენტებსაც მიეცემათ გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. იმედი გვაქვს, კარგ შედეგს დავდებთ. ჩვენი გუნდი უნივერსიადაზეც ასპარეზობს და აქედან გამომდინარე, ნაწილს გარკვეული გამოცდილება აქვს. არიან ახალწვეულებიც, მათაც მიეცემათ საშუალება, თავისი შესაძლებლობები გამოავლინონ, რაც ძალიან კარგია“.

ფუტსალის ლიგა 3-ის წილისყრის შედეგები იხილეთ აქ.



  © SBM, 2016-2024