ფუტსალის ლიგა 3 - სადებიუტო ჩემპიონატი 26 ნოემბერს დაიწყება!

ყველა სიახლე
25 ნოემბერი 2022

ფუტსალის ლიგა 3 - სადებიუტო ჩემპიონატი 26 ნოემბერს დაიწყება!

25 ნოემბერს, 15:00 საათზე,  სასტუმროში „უინდემ გრანდ თბილისი“ ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი სეზონის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა.

ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო გათამაშება სტარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს აიღებს და მასში მონაწილეობას რვა გუნდი მიიიღებს - პირველი ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს „დინამო თბილისი“, „რუსთავი“, „სელერო“, „სასკოლო ლიგის აკადემია“„ქუთაისი 3“, „ჯიპა“, „სეუ“ და „საქართველოს უნივერსიტეტი 2“ დაუპირისპირდებიან. გუნდების შემადგენლობების 51%,  U19 ასაკის ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული.

აღსანიშნავია, რომ პირველად ხდება როდესაც ფუტსალის ლიგაში, ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბების ბაზაზე შექმნილი გუნდები იასპარეზებენ.

გუნდები ერთმანეთს რეგულარულ სეზონში ერთ წრედ დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც პლეი-ოფში განაგრძობენ ასპარეზობას. მეოთხედფინალური და ნახევარფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გასტანს, ფინალი კი სამ მოგებამდე გაგრძელდება. საუკეთესო ორი კლუბი, მომდევნო სეზონიდან ფუტსალის ლიგა 2-ში განაგრძობს ასპარეზობას.

წილისყრის შედეგად პირველი ტურის წყვილები გამოვლინდა. 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის ორი შეხვედრა გაიმართება. „ქუთაისი 3“ „ჯიპა“-ს დაუპირისპირდება, „UG 2“ „სასკოლო აკადემიას“ შეხვდება. 27 ნოემბერს კი „დინამო თბილისი“ „სეუ“-ს ეთამაშება, ტურის დასკვნით მატჩში „რუსთავი“ „სელეროს“ გაეჯიბრება.

ფუტსალის ლიგა 3-ს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტული სააგენტო SBM ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ.



  © SBM, 2016-2024