"ძალოვნებმა" მიქსორი დაამარცხეს!

ყველა სიახლე
04 აპრილი 2021

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის სეზონის პირველი სათამაშო დღე C ჯგუფის შეხვედრით დასრულდა. პატრულისა და მიქსორის დაპირისპირებაში „ძალოვნებმა“ 3:1 იმარჯვეს. პირველ ტაიმში პატრული გიორგი ჭანტურიასა და დავით დარჩიას გოლებით დაწინაურდა. თამაშის განახლებიდან მალევე ვასკა კენჩხაძემ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ოცდამერვე წუთზე ირაკლი ქარჩავამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ერთი შეხვედრა გაიმართა A ჯგუფშიც. ევროპაბეთმა ინსტასთან დამაჯერებლად ითამაშა და მეტოქე 5:3 დაამარცხა. „ბუკმეიკერთა“ მხრიდან დუბლი რევაზ ბუგიანიშვილმა გაიფორმა. მოწინააღმდეგის გუნდიდან ორი გოლი მინდია ჯალიაშვილის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ირაკლი ქარჩავა, პატრული:“პირველ რიგში, ვულოცავ ყველას მეცამეტე სეზონის დაწყებას. ძალიან სასიამოვნოა ასეთ კრიტიკულ პერიოდში დალაგებულ  და კარგად ორგანიზებულ ჩემპიონატში მონაწილეობა, რისთვისაც მადლობას ვუხდი SBM-ს.

დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ნაცნობი მოთამაშეები ჰყავდა მეტოქეს, პირველად ვეთამაშეთ ამ გუნდს. სწრაფად მოძრაობენ. ორივეს გაგვიჭირდა შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენა, რადგან პირველი მატჩი იყო. სასურველ შედეგს ჩვენი გამოცდილების წყალობით მივაღწიეთ. ბევრი ახალი გუნდია, საინტერესო შეხვედრები გველის წინ. წინასწარ ვერ ვიტყვით, მაგრამ, რა თქმა უნდა,  ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ.“

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე 11 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024