"ბუკმეიკერთა დერბი" კროკოს გამარჯვებით დასრულდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში სათამაშო დღე B და C ჯგუფის შეხვედრებით გაგრძელდა. კროკობეთისა და აჭარაბეთის დაძაბულ დერბიში კროკობეთმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი ლევან კუჭაშვილია, რომელმაც გუნდი თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე დააწინაურა.
B ჯგუფში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდმა დიპლომატ ჯორჯიასთან კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა (3:0). TTC-ს გამარჯვებაში დიმიტრი დემურაშვილი დუბლით დაეხმარა.
ჯგუფის სხვა შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი არმია NS Studio-ს დაუპირისპირდა და კომფორტული უპირატესობით 5:1 იმარჯვა. „ძალოვნების“ რიგებიდან მამუკა ამაშუკელმა დუბლი გაიფორმა. ერთადერთი საპასუხო გოლი გიორგი თორთლაძის ანგარიშზეა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
დავით ჭეჟია, აჭარაბეთი:“ცოტა რთულია, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სეზონისთვის მომზადება. ჩვენი და კროკობეთის დაპირისპირება ყოველთვის დაძაბულია. დღეს მეტოქემ გვაჯობა და მოგვიგო კიდეც. ჩემპიონატის ახალი ფორმატი საინტერესო ჩანს და მე პირადად, კმაყოფილი ვარ ამგვარი ცვლილებით.“
ლევან კუჭაშვილი, კროკობეთი:“პირველ ტურს გუნდები ცოტა მოუმზადებლად ვხვდებით. რთული თამაში იყო. გვქონდა რაღაც შეცდომები, მაგრამ ჯერ მთელი სეზონი წინ არის და მათ გამოსწორებაზე ვიმუშავებთ. აჭარაბეთთან ჩვენი დერბი ყოველთვის დაძაბული და სანახაობრივი გამოდის. თამაშის სცენარიდან გამომდინარე ვიტყოდი, რომ თანაბარი ბრძოლა იყო და ერთმა გოლმა გადაწყვიტა ყველაფერი.“