CAI-მ დაძაბულ ბრძოლაში ნიკორას სძლია!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრები C ჯგუფის მატჩებით გაგრძელდა. ფარვანასა და ქართუ ბანკის დაპირისპირება 2:1 ფარვანას სასარგებლოდ დასრულდა. „ბანკირები“ მეცამეტე წუთზე გიორგი ჩიკვილაძემ დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმში რაფიკ მარკარიანმა წონასწორობა აღადგინა, არკად პუტულიანმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა.
ჯგუფის პირველ შეხვედრაში გასული სეზონის ვერცხლის ლიგის ჩემპიონი კავკასიის ავტო იმპორტი დებიუტანტ ნიკორას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში მინიმალური უპირატესობით, 2:1 იმარჯვა. მატჩის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. CAI-ს დაწინაურება და სხვაობის გაზრდა გიორგი მაჩხანელმა შეძლო და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი მაჩხანელი, CAI:”რთული შეხვედრა იყო. ძალების აღდგენა ვერ მოვასწარით ჯერ. ვინაიდან, პირველი შეხვედრა იყო, ცოტა გაგვიჭირდა. ვარჯიშიც გვაკლია და შევეცდებით მომავალში ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ნიკორა ძალიან კარგი გუნდია და ვფიქრობ, ჩემპიონატში ნებისმიერ მეტოქეს შეიძლება დააკარგვინონ ქულები. დღეს მეტი ბრძოლის ხარჯზე მოვუგეთ.“
დღის განმავლობაში პირველი ტურის შეხვედრებს გამართავენ A, B და C ჯგუფის სხვა გუნდებიც.