მართვესა და EU-ს დაპირისპირება 5:5 დასრულდა!

ყველა სიახლე
27 მარტი 2021

მართვესა და EU-ს დაპირისპირება 5:5 დასრულდა!

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის სათამაშო დღე ადგილობრივი მართვესა და ევროპის უნივერსიტეტის დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ შეხვედრაში EU-მ ანგარიში ხუთჯერ გაათანაბრა და შეხვედრა საბოლოოდ 5:5 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ქუთათურები“ შეხვედრის განმავლობაში არ მარცხდებოდნენ, უპირატესობის შენარჩუნება ვერც ერთხელ შეძლეს და საბოლოოდ გუნდებმა მეხუთე ტურის შეხვედრაში ქულები გაიყვეს. „სტუდენტების“ რიგებიდან სამი ბურთი გიორგი ქურხულის ანგარიშზეა. მართვეს მხრიდან კი ირაკლი გვეტაძემ დუბლი გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი გურეშიძე, მართვე:“გულდასაწყვეტია საკუთარ კედლებში გამართული შეხვედრა ფრედ რომ დასრულდა. ხუთჯერ მოვახერხეთ დაწინაურება, მაგრამ, როგორც იცით, რამდენიმე ძირითადის მოთამაშე გვაკლია და ეს დაგვეტყო. გამოცდილი მეტოქე გვყავდა, ბევრს მოძრაობენ. ქულის აღება კარგია, მაგრამ დღეს მოსაგებად ვიბრძოდით. ვფიქრობ, გატანილ გოლებს თუ გავიხსენებთ, მოწინააღმდეგეს ცოტა გაუმართლა. ჩვენ ბევრად დალაგებული თამაში ვაჩვენეთ ტაქტიკურად.“

კარლო წვერავა, EU:“პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მგზავრობა დაგვეტყო. უამინდობის გამო გვიან ჩამოვედით და ამან დიდი გავლენა იქონია. გაგვიჭირდა, დაკისრებულ დავალებებს ვერ ვასრულებდით. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაში, დასანანი გოლები გავუშვით. მეორე ადგილს ვინარჩუნებთ, მაგრამ ბათუმის აკადემია საკმაოდ წინ გავიდა, ჩვენი მიზანი კი რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასრულებაა, რისთვისაც თითოეული ქულა მნიშვნელოვანია.“

ფუტსალის ლიგა 2-ის VI ტურის შეხვედრები 3 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024