ილიაუნი 2-ის დამაჯერებელი გამარჯვება გორთან!

ყველა სიახლე
27 მარტი 2021

ილიაუნი 2-ის დამაჯერებელი გამარჯვება გორთან!

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში ერთმანეთს გორი და ილიაუნი 2 დაუპირისპირდნენ. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ „სტუდენტებმა“ უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 7:3 სძლიეს.

ილია ლუკაშვილმა ორი სწრაფი გოლით გორი წინ გაიყვანა. ილიაუნიმ,  ტაიმის დასრულებამდე, ერთწუთიან ინტერვალში ნიკოლოზ ბოლქვაძის დუბლით წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში გურამ ნადარეიშვილმა აქტივში სამი ბურთი მიითვალა, საბა მაჩიტიძე კი გუნდს გამარჯვებაში ორი გოლით დაეხმარა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ნიკოლოზ ბოლქვაძე, ილიაუნი 2: „თავიდან ცუდად დავიწყეთ. გაგვიჭირდა მობილიზება, მაგრამ შემდეგ დავალაგეთ თამაში. ტაქტიკური შეტევები დავიწყეთ, რამაც შედეგი გამოიღო. არ ველოდით გორთან ასეთი ანგარიშით მოგებას, რადგან ძალიან კარგი და რთული მეტოქეა. პირველი ნახევარი უფრო დაძაბული გამოდგა. ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად თამაში წაგებულად არ ჩაგვითვლია და ბოლომდე ვიბრძოლეთ.“

დღის დარჩენილ შეხვედრებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდი საქართველოს უნივერსიტეტს გაეჯიბრება. ევროპის უნივერსიტეტი კი ქუთაისის მართვეს ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024