"მეზღვაურებმა" ანგარიში ბოლო წამებზე გაათანაბრეს!

ყველა სიახლე
21 მარტი 2021

ფუტსალის ლიგა 2-ის IV ტურის მორიგ შეხვედრაში ერთამენთს ქუთაისის მართვე და ბათუმის  სახელმწიფო საზღვაო აკადემია დაუპირისპირდნენ. სანახაობრივ მატჩში ბსსა-მ წონასწორობა ბოლო წამებზე აღადგინა და შეხვედრა ფრედ 5:5 დასრულდა.

„ქუთათურები“ თამაშის მანძილზე ოთხჯერ დაწინაურდნენ,  მაგრამ „მეზღვაურებმა“ წონასწორობის აღდგენა ყოველ ჯერზე შეძლეს და ქულა მაინც მოიპოვეს. მართვეს რიგებიდან ჰეთრიკი ირაკლი გვეტაძემ გაიფორმა, ორი ბურთია მალხაზ შველიძის ანგარიშზე. ბსსა-ს დუბლით მალხაზ შამილაძე დაეხმარა, მეორმოცე წუთზე კი აქტივში მეორე ბურთი რეზო მალაყმაძემ მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ დაფიქსირებული შედეგით ბათუმის აკადემიამ ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა, მაგრამ ცხრილში ლიდერობას მაინც ინარჩუნებს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ირაკლი გვეტაძე, მართვე:“ნამდვილად ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როცა უპირატესობით გვიტევდა მეტოქე, თავი ცუდად დავიცავით. ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე გვაკლია, ერთს კი წითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, აქედან გამომდინარე, დასუსტებული შემადგენლობით ვიყავით. ვერ ვახერხებდით თამაშის განამვლობაში დასვენებას, რაც დაგვეტყო. მეტი მომენტი გვქონდა, მაგრამ მეტოქემ ძალიან მოინდომა.
აქვე მინდა ჩვენი გუნდის წევრს, თორნიკე გოქაძეს მივულოცო დაბადების დღე.“

რეზო მალაყმაძე, ბსსა:“ველოდით ასეთ დაძაბულობას. ქუთაისთან თამაშის გამოცდილება გვაქვს და ცოტა გვიჭირს ხოლმე. მობილიზებულები შევხვდით დღევანდელ მატჩს. მეორე ტაიმის დასაწყისში მეკარემ წითელი ბარათი მიიღო და კაცნაკლულები ვიყავით, რამაც რთულ სიტუაციაში ჩაგვაყენა. სასურველ შედეგს ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ბოლოს ანგარიშის გათანაბრებისას, შეიძლება ითქვას, რომ ცოტა გაგვიმართლა კიდეც. ყველაფერი გავაკეთეთ თამაშის გადასარჩენად და ქულა მაინც მოვიპოვეთ.“

დღის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს არმია და თსუ 2 ეთამაშებიან.



  © SBM, 2016-2024