EU თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა!

ყველა სიახლე
27 თებერვალი 2021

EU თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა!

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში ერთმანეთს ეროპის უნივერსიტეტი და თსუ 2 დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა EU-ს სასარგებლოდ 3:2 დასრულდა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში თსუ-მ გახსნა, თუმცა ევროპის უნივერსიტეტმა წონასწორობა თხუთმეტ წამში აღადგინა და ტაიმის დასრულებამდე ორი ბურთით დაწინაურდა. მეორე ნახევარში ვახტანგ მღებრიშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ თსუ-სთვის დარჩენილი დრო საბოლოო ანგარიშის შესაცვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და თასის გათამაშებას გამოეთიშა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

კარლო წვერავა, EU-ს მთავარი მწვრთნელი:”პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ. ჩვენი სცენარით წავიყვანეთ თამაში და ორი ბურთითაც დავწინაურდით. მეორე ნახევარში უფრო ინერტულები ვიყავით. ცუდად ვმოქმედებდით ჩვენს ნახევარზე. მეტოქე პირიქით, ბევრად მოტივირებული გამოვიდა და ძალიან გაგვიჭირდა. დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, ბოლო წამებში, ფაქტობრივად, გადავრჩით ანგარიშის გათანაბრებას და პენალტების სერიას. მეორე ეტაპზე ჩვენთვის უფრო სასურველი მეტოქე საქართველოს უნივერსიტეტია, რადგან მათთან უკვე გვქონდა თამაში და ვიცნობთ. ორივე მეტოქისთვის თანაბრად მოვემზადებით და შევეცდებით გამარჯვებას.“

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და საუკეთესო ორი ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებას მეოთხედფინალებიდან შეუერთდება.



  © SBM, 2016-2024