უხვგოლიან შეხვედრაში გორელებმა იმარჯვეს!

ყველა სიახლე
13 თებერვალი 2021

უხვგოლიან შეხვედრაში გორელებმა იმარჯვეს!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის პირველი ტურის შეხვედრები გორისა და საქართველოს უნივერსიტეტის დაპირისპირებით დასრულდა. ტურის დასკვნით მატჩში გორელებმა 8:4 იმარჯვეს.

მეორე ტაიმს UG მინიმალური უპირატესობით შეხვდა, მალევე სხვაობა ორამდე გაზარდა, მაგრამ „სტუდენტებმა“ ანგარიში ვერ შეინარჩუნეს და დროის ამოწურვამდე საკუთარ კარში მიღებულ გოლებს მხოლოდ ერთი ბურთით უპასუხეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკი გაიფორმა ნიკოლოზ სულთანიშვილმა, ორ-ორი ბურთია გიორგი მჭედლიშვილისა და ილია ლუკაშვილის ანგარიშზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ჯალაღონია ლუკა, UG:“ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს გუნდში და გვიჭირს ჯერ შეთამაშება. თავდაპირველად ჩვენი სცენარით მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ. შევეცდებით გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი და უკეთესი შედეგი დავდოთ. შარშანდელთან შედარებით უფრო გაზრდილები ვართ. ახალი ტაქტიკები შევიმუშავეთ ახალ მწვრთნელთან ერთად. ძალიან ბევრი გამოუყენებელი მომენტი გვქონდა, რაზეც აუცილებლად ვიმუშავებთ.“

ნიკოლოზ სულთანიშვილი, გორი:“ვულოცავ ყველას ჩემპიონატის დაწყებას. პირველ ტაიმში დაცვაში შეცდომები დავუშვით, რაც შესვენებაზე განვიხილეთ და გამოვასწორეთ. უნდა აღვნიშნო, რომ გასული სეზონის გათვალისწინებით არ ველოდით მეტოქისგან ასეთ წინააღმდეგობას, ახალგაზრდა გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენც დავიმატეთ ახალი მოთამაშეები და გუნდში ბრძოლისუნარიანობა კიდევ უფრო გაიზარდა.“

ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ტურის შეხვედრები 20 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024