არმიამ მართვეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია!

ყველა სიახლე
13 თებერვალი 2021

არმიამ მართვეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია!

სადებიუტო სეზონის პირველ შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდმა არმიამ დაძაბულ ბრძოლაში ქუთაისის მართვე 7:4 დაამარცხა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. „ქუთათურები“ მეორე ტაიმში ორი ბურთით წინ გავიდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში „ძალოვნებმა“ წონასწორობის აღდგენა და საგრძნობლად დაწინაურება შეძლეს. არმიას რიგებიდან სამი ბურთი ბაკურ ნანეიშვილის ანგარიშზეა, დუბლი გაიფორმა ენრი ჩადუნელმა. მართვეს რიგებიდან ორი ბურთი ირაკლი გვეტაძემ გაქვითა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიგა ბერაია, არმია:“მართვე გასულ წელს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა და გამოცდილი გუნდია. მაღალი მოტივაციით გამოვედით, ფიზიკურადაც ბოლომდე დავიხარჯეთ და ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად. ამ შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი მინიმუმ ქულის აღება იყო. ჩვენთვის ლიგა 2-ში ასპარეზობა დიდი გამოწვევაა და მაქსიმუმს გვაკეთებთ იმისათვის, რომ პლეიოფში ვითამაშოთ. ბევრი გვაქვს სამუშაო, უნდა დავხვეწოთ ჩვენი თამაში, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ.“

ირაკლი გვეტაძე, მართვე:“გუნდის ძირითადი ბირთვი შეცვლილია, ახალი მოთამაშეები გვყავს და შეთამაშება გვჭირდება. სატესტო შეხვედრები ვერ გავმართეთ არსებული რეგულაციების გამო, რამაც მომზადებაში ხელი შეგვიშალა. ვფიქრობ, დღეს მეტოქემ ფიზიკური კონდიციების ხარჯზე გვაჯობა.“

პირველი ტურის დასკვით შეხვედრაში გორი საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024