ბათუმის აკადემიის წარმატებული დებიუტი!

ყველა სიახლე
13 თებერვალი 2021

ბათუმის აკადემიის წარმატებული დებიუტი!

ფუტსალის ლიგა 2-ის I ტურის შეხვედრები ევროპის უნივერსიტეტისა და დებიუტანტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მატჩით გაგრძელდა. დაძაბული შეხვედრა ბსსა-ს გამარჯვებით 5:2 დასრულდა.

მატჩის პირველი ტაიმი ბათუმის აკადემიის სასარგებლოდ 3:1 წარიმართა. EU-მ ოცდამესამე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ბსსა-მ დამაჯერებელი უპირატესობა მალევე დაიბრუნა. მატჩის მიწურულს ევროპის უნივერსიტეტმა ორი თერთმეტმეტრიანი ჯარიმა ვერ გამოიყენა და დებიუტანტებთან სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი ხვიჩა თურმანიძემ გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ხვიჩა თურმანიძე, ბსსა:“დაახლოებით ერთი თვეა ჩემპიონატისთვის ვვარჯიშობთ. ჩვენი დარბაზი არ არის შესაბამისი სტანდარტების, პატარაა, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ შესაბამისად მოვემზადოთ. დღევანდელი თამაშით ძალიან კმაყოფილები ვართ, მათ შორის, მწვრთნელიც. დასახულ მიზანს მივაღწიეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ სადებიუტო შეხვედრაში. მეტოქეს მეტი მობილიზებით ვაჯობეთ, შეტევებიც უკეთ გამოვიყენეთ.“

გიორგი კუპრეიშვილი, EU:“ყველას ვულოცავ სეზონის დაწყებას. პირველი თამაში ყოველთვის რთულია. მძიმედ დავიწყეთ. შემდეგი შეხვედრებისთვის უკეთ მოვემზადებით და სანახაობრივ თამაშს ვაჩვენებთ. ახალი მოთამაშეები დავიმატეთ გუნდში, დიდი ხანი არ არის, რაც ვვარჯიშობთ და შეთამაშება გვაკლია.“

პირველი ტურის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს არმია და ქუთაისის მართვე ეთამაშებიან. დღე საქართველოს უნივერსიტეტისა და გორის მატჩით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024