ბათუმის აკადემია პლეიოფში მოსახვედრად იბრძოლებს!

ყველა სიახლე
10 თებერვალი 2021

ბათუმის აკადემია პლეიოფში მოსახვედრად იბრძოლებს!

ფუტსალის ლიგა 2-ს 2020/21 წ.წ. სეზონში ორი დებიუტანტი შემოუერთდა - ბათუმის სახელწიფო საზღვაო აკადემიის (ბსსა) გუნდი და არმია. აღნიშნული ბსსა-სთვის პირველი პროფესიონალური ჩემპიონატია და გუნდის გამოცდილება აქამდე სტუდენტური ლიგით შემოიფარგლებოდა.

ბათუმის აკადემია პირველ ტურში ევროპის უნივერსიტეტს გაეჯიბრება. ფუტსალის თასის გათამაშებაში კი „სტუდენტები“ ილიაუნი 2-ს შეხვდებიან. Sbm.ge გუნდის ჩამოყალიბების ეტაპებზე და მოსამზადებელ პერიოდზე მთავარ მწვრთნელს, ზაურ კეკელიძეს გაესაუბრა.

ზაურ კეკელიძე: „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდი ძირითადად სტუდენტებით არის დაკომპლექტებული. ეს მოთამაშეები აქამდე სტუდენტურ ლიგაზე ასპარეზობდნენ. ასევე, მონაწილეობას იღბდნენ ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატში და თანდათან, როგორც ხელმძღვანელობის, მოთამაშეების მხრიდანაც, ფუტსალის პროფესიონალურ ლიგაში გამოსვლის მოტივაციაც გაჩნდა.

პანდემიის გამო, გასულ წელს, ფაქტობრივად, არ გვივარჯიშია. დაახლოებით ორი კვირაა, რაც ფედერაციის ნებართვით დარბაზში შეგვიშვეს და ჩემპიონატისთვის მომზადება დავიწყეთ.

გუნდის მთავარი მიზანი ოთხეულში გასვლაა. პირველ ტურში ევროპის უნივერსიტეტს ვხვდებით, მაგრამ მათზე ინფორმაციას არ ვფლობთ. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების თამაშებს ვუყურეთ, მაინც რთულია წინასწარ შეაფასო როგორი იქნება გუნდი ახალ სეზონზე. ერთადერთი, ქუთაისის მართვეს ვიცნობთ, რომელთანაც ამხანაგური შეხვედრა გვქონდა. ამ თამაშმა გვაჩვენა, რომ სივრცის აღქმის პრობლემა გვაქვს, რადგან დარბაზი, სადაც ვვარჯიშობთ, პატარაა. ამ პრობლემაზე ვიმუშავეთ და იმედია, მალე სრულყოფილად ვარჯიშსაც შევძლებთ. 

ბიჭები ძალიან მონდომებული არიან. ყველანი ვცდილობთ ჩემპიონატს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ და უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მეტოქეებისთვის კონკურენტუნარიანი ძალა ვიქნებით.“



  © SBM, 2016-2024