ილიაუნი 2 პირველი გუნდისთვის პერსპექტიული ბაზა იქნება!

ყველა სიახლე
10 თებერვალი 2021

ილიაუნი 2 პირველი გუნდისთვის პერსპექტიული ბაზა იქნება!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი პროფესიონალურ ლიგაში უკვე მესამე წელია ასპარეზობს. ილიაუნის დებიუტი 2018/19 წ.წ. სეზონზე ფუტსალის ლიგა 2-ში შედგა, სადაც ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. შემდეგ, გუნდმა უმაღლეს ლიგაში გადაინაცვლა და სეზონი მესამე ადგილით დაასრულა. წელს „სტუდენტები“ ლიგა 2-ში მეორე გუნდით იქნებიან წარმოდგენილები.

ილიაუნი 2 ჩემპიონატს მისთვის ნაცნობ მეტოქესთან, თსუ 2-თან მატჩით იწყებს. გუნდის ფორმირება ჯერ საბოლოოდ არ დასრულებულა და პირველი შეხვედრის მიზანი შესაძლებლობების ანალიზია. Sbm.ge ჩემპიონატის დაწყებამდე ილიაუნის გუნდის მენეჯერს, პეტრე წულუკიძეს გაესაუბრა.

პეტრე წულუკიძე:“ ვინაიდან, ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ერთ-ერთი მიმართულებაა სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ლიგა 2-ში ასპარეზობა ჩვენთვის არის დამატებითი შესაძლებლობა მეტ ახალგაზრდას მივცეთ შანსი დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრებით, მათთვის საინტერესო სპორტით და ასევე, წარადგინონ უნივერსიტეტი პროფესიონალურ ლიგებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომავალ წლებში ორივე გუნდი ჩამოყალიბდეს ძლიერ და კონკურენტუნარიან ძალად. ილიაუნის მეორე გუნდი, გვსურს, რომ ძირითადად დაკომპლექტებული იყოს სტუდენტებითა და ახალგაზრდებით, რაც შემდგომში უმაღლესისთვის იქნება ბაზა და მოგვცემს სელექციის საშუალებას.

სეზონს ვხვდებით დიდი იმედით, რომ წარმატებას მივაღწევთ. ბევრი ახალწვეული გვყვას, რომლებიც საკმაოდ პერსპექტიულები არიან. პირველ შეხვედრას სატესტოდ გამოვიყენებთ, დავაკვირდებით  თამაშს და ამის მიხედვით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას შემადგენლობასთან დაკავშირებით.

ჩვენი პირველი მეტოქე თსუ 2-ია, რომელიც შედარებით შეთამაშებული და გამოცდილია. ამ შეხვედრისთვის კონკრეტულ მიზანს არ ვისახავთ, ვინაიდან, ახალი გუნდისთვის მაინც პირველი სეზონია. ბოლომდე ვიბრძოლებთ და მწვრთნელი შეეცდება მაქსიმალურად ბევრი ტაქტიკა გამოიყენოს, რათა შემდეგი შეხვედრებისთვის უფრო დავიხვეწოთ და გუნდმა თავისი თამაში იპოვოს.“



  © SBM, 2016-2024