მართვეს მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა!

ყველა სიახლე
09 თებერვალი 2021

მართვეს მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა!

ქუთაისის „მართვე“ ფუტსალის ლიგა 2-ში უმაღლესი ლიგიდან კვალიფიცირდა. „ქუთათურები“ უკვე მეოთხე წელია პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობენ და ამ დროის მანძილზე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. გასულ სეზონში მართვემ გასავარდნ ზონას თავი დააღწია, თუმცა გადათამაშებაში პსპ-სთან დამარცხდა და მეორე ლიგაში გადმოინაცვლა.

ფუტსალის ლიგა 2-ში ასპარეზობას მართვე დებიუტანტი არმიას წინააღმდეგ დაიწყებს. „ქუთათურები“ ფუტსალის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს უნივერსიტეტს გაეჯიბრებიან.

Sbm.ge გუნდის მზადყოფნაზე და მიზნებზე მართვეს დირექტორს, ნიკა ჯანელიძეს გაესაუბრა.

ნიკა ჯანელიძე: „მოგეხსენებათ, გასული სეზონი ჩვენთვის კარგი შედეგით არ დასრულდა. მძიმე წელი გვქონდა. მოთამაშეებთან დაკავშირებითაც შეგვექმნა პრობლემები და პანდემიამაც გავლენა იქონია. შედეგად, ლიგა 2-ში გადმოვინაცვლეთ და ახლა ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა.

წელს საკმაოდ მებრძოლი გუნდი გვყავს. ძველი მოთამაშეების ნაწილი დაბრუნდა და ახლებიც დავიმატეთ. შეიძლება ითქვას, გუნდი ორი ასაკობრივი კატეგორიით არის დაკომპლექტებული. გვყავს, როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც ახლა იწყებენ ფუტსალში პირველი ნაბიჯების გადადგმას და სხვა თანაგუნდელებისგან სწავლობენ ბევრ რამეს. რაც მთავარია, მოტივირებულები არიან და ბოლომდე იბრძოლებენ.

ჩვენი პირველი მეტოქე პროფესიონალურ ლიგაში დებიუტანტი არმია იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პირველ სეზონს ჩაატარებენ, მათ შესახებ გვაქვს ინფორმაცია და ვიცით, რომ ძალიან ძლიერები არიან. მიმდინარე ჩემპიონატში, ვფიქრობთ, რომ გორი და არმია ფავორიტები იქნებიან. მათთან შერკინება რთული იქნება, მაგრამ მოგების იმედი მაინც გვაქვს.

თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს უნივერსიტეტთან შეხვედრით დავიწყებთ. მათზე ჯერ არ ვფლობთ რაიმე ინფორმაციას, მაგრამ ჩვენი მწვრთნელი შეისწავლის მეტოქეს და შესაბამისად მოვემზადებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ღირსეულად ვიასპარეზოთ ყველა თამაშში, ამიტომ თითოეულ მეტოქესთან გამარჯვებისთვის გავალთ.“



  © SBM, 2016-2024