UG-ის გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია!

ყველა სიახლე
08 თებერვალი 2021

UG-ის გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია!

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი ფუტსალის ლიგა 2-ს შექმნის დღიდან შემოუერთდა და ჩემპიონატში რიგით მესამე სეზონს ჩაატარებს. სადებიუტო გამოსვლა „სტუდენტებმა“ მეხუთე ადგილზე დაასრულეს. გასული სეზონი UG-სთვის წარმატებული არ გამოდგა და შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშა.

წილისყრის შედეგად 2020/21 წ.წ. სეზონის პირველ ტურში საქართველოს უნივერსიტეტის მეტოქე გორი იქნება, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი აქვს, თუმცა UG ჩემპიონატს განახლებული ძალებით ხვდება და ფავორიტთან გამარჯვებისთვის იბრძოლებს. რაც შეეხება ფუტსალის თასის გათამაშებას, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „სტუდენტები“ ქუთაისის „მართვეს“ დაუპირისპირდებიან.

Sbm.ge სეზონის სტარტზე და გუნდის მიზნებზე საქართველოს უნივერსიტეტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელს, გივი ნეფარიძეს გაესაუბრა.

გივი ნეფარიძე: „გასულ სეზონში გარკვეული პრობლემები იყო გუნდში,  რაც შედეგზეც აისახა. საბოლოოდ, ყველაფერი მწვრთნელის დათხოვნით დასრულდა და მას შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილებებიც დაიწყო. წელს განახლებული ძალებით ვხვდებით ჩემპიონატს. გუნდის უდიდესი ნაწილი შეიცვალა და ახალი მოთამაშეებით დაკომპლექტდა, შემადგენლობა გადახალისდა, რომელთაც ახალი მწვრთნელი კვირაში ოთხი დღე ავარჯიშებს.

ვფიქრობ, ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ წელს და კარგი სეზონი გვექნება. ჩვენი მთავარი მიზანი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაა. პირველ ტურში გორს ვხვდებით, თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი, მართვეს - ორივე მათგანი გამოცდილია და ჩვენთვის რთული მეტოქეები იქნებიან, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმედია, გამარჯვებასაც მივაღწევთ.

საქართველოს უნივერსიტეტი სპორტის მიმართულებას წლებია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და სხვადასხვა ჩემპიონატებში ასპარეზობს. ჩავარდნებიც გვქონია, თუმცა დადებითი შედეგებიც გვახსოვს. გასულ წლებთან შედარებით, სტუდენტების ახალ ნაკადში უფრო რთულია კარგი მოთამაშეების შერჩევა, რის გამოც, შეიძლება ითქვას, მიღება შეგვიმცირდა. იმედია, მდგომარეობა ამ მხრივაც გამოსწორდება და საქართველოს უნივერსიტეტი ძველ კონდიციებს დაუბრუნება.“

შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შეხვედრები 13 თებერვალს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024