EU უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს!

ყველა სიახლე
04 თებერვალი 2021

EU უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს!

ფუტსალის ლიგა 2-ის მორიგი მონაწილე ევროპის უნივერსიტეტის გუნდია. EU ჩემპიონატს 2019/20 წ.წ. სეზონში შემოუერთდა და კარგი სტარტიც ჰქონდა. „სტუდენტები“ წრიულ ეტაპზე საკმაოდ კონკურენტუნარიანები იყვნენ, თუმცა, საკადრო პრობლემების გამო, გუნდმა ნახევარფინალის საგზური ვერ მოიპოვა. EU-მ გადამწყვეტ ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან, გორთან, მარცხის შემდეგ სადებიუტო გამოსვლა მეხუთე პოზიციაზე დაასრულა.

ახალ სეზონს ევროპის უნივერსიტეტი შემადგენლობაში სიახლეებით ხვდება. ცვლილებების შემდეგ კი, გუნდს ახალი მიზნებიც აქვს. sbm.ge მეტი ინფორმაციისთვის EU-ს კაპიტანს, დავით გურგენიძეს გაესაუბრა.

დავით გურგენიძე: „ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველით. ყველანი დიდი შემართებით ვართ განწყობილი. გასულ წელს რეგულარული სეზონის, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტ ეტაპზე, საკადრო პრობლემები გვქონდა და ნახევარფინალის საგზური დავკარგეთ.

ჩემპიონატს შემადგენლობაში ცვლილებებით ვხვდებით და განახლებული ძალებით შევეცდებით წარმატების მიღწევას. პირველ ტურში მეტოქედ მაინც დებიუტანტ გუნდს ვისურვებდი.

EU-ს ახალ წევრებს უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვთ, ვფიქრობ, ძალიან დაგვეხმარებიან. მალევე ავუღეთ ალღო ერთმანეთს, რამაც ხელი შეუწყო გუნდში კარგი და მეგობრული ატმოსფეროს შენარჩუნებას.

წლევანდელ ჩემპიონატში აუცილებლად უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ფინალში სათამაშოდ ყველაფერს გავაკეთებთ. ამის მოტივაცია და რესურსი გვაქვს, რაც ჩვენი მწვრთნელის, კარლო წვერავას, დამსახურებაა. ასევე, მადლობას ვუხდი ევროპის უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის.“

რიგით მესამე სეზონის დაწყებამდე sbm.ge ილიაუნის, ბათუმის აკადემიის, მართვეს, არმიასა და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდებს წარგიდგენთ.



  © SBM, 2016-2024