ფუტსალის ლიგა 2 სტარტს 13 თებერვალს აიღებს!

ყველა სიახლე
01 თებერვალი 2021

ფუტსალის ლიგა 2 სტარტს 13 თებერვალს აიღებს!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონი 13 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პირველი ტურის შეხვედრებით დაიწყება.

რიგით მესამე სეზონში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს. ჩემპიონატს შემოუერთდნენ დებიუტანტებიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ქუთაისის „მართვე“ და ილიაუნი 2 წელს ლიგა 2-ში პირველად იასპარეზებენ. მათთან ერთად ჩემპიონობისთვის თსუ 2, ევროპის უნივერსიტეტი, გორი და საქართველოს უნივერსიტეტი იბრძოლებენ.

ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონი ორ წრედ ჩატარდება და პლეი-ოფში თამაშის უფლებას 4 გუნდი მოიპოვებს. გამარჯვებული კი ფუტსალის უმაღლეს ლიგაში კვალიფიცირდება.

ჩემპიონატის პარალელურად, გუნდები ფუტსალის ლიგის თასის გათამაშები ჩაებმებიან. პირველი ეტაპი 27 თებერვალს გაიმართება, 23 მარტს კი მეოთხედფინალები აიღებს სტარტს. წელს პირველად, ლიგა 2-ის მონაწილეებს შორის, თასის გათამაშებაში მოსახვედრად, საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდება. გამარჯვებული ორი გუნდი უმაღლესი ლიგის 6 წარმომადგენელთან ერთად ფუტსალის ლიგის თასის მოსაპოვებად იბრძოლებს.

ძალაში რჩება პანდემიის პრევენციის მიზნით არსებული შეზღუდვა თამაშებზე დასწრებასთან დაკავშირებით და ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. გულშემატკივარს სიახლეების მისაღებად შეუძლია თვალი ადევნოს sbm.ge-სა და ლიგის ოფიციალურ Facebook გვერდს.



  © SBM, 2016-2024