სუპერლიგის საუკეთესო შვიდეული!

ყველა სიახლე
08 ნოემბერი 2020

სუპერლიგის საუკეთესო შვიდეული!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონი სუპერლიგის ფინალით დასრულდა.

არმიამ მოქმედი ჩემპიონი და ოთხგზის გამარჯვებული პსპ მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. დასკვნითი მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. „ძალოვნები“ პირველი ტაიმის მიწურულს ირაკლი ლატარიამ დააწინაურა. პსპ-მ, მცდელობების მიუხედავად, წონასწორობა ვერ აღადგინა და შეხვედრა 1:0 არმიას სასარგებლოდ დასრულდა.

მატჩის შემდეგ სუპერლიგაში საუკეთესო მოთამაშეები დასახელდნენ. დაჯილდოების ცერემონიალს პსპ ფარმას PR მენეჯერი - ნათია ხაბეიშვილი, ვიცე პოლკოვნიკი - აჩიკო გეჯაძე, თავდაცვის ძალების სერჟანტი - გიორგი გოგოჭური და მაიორი - რევაზ კილაძე ესწრებოდნენ.

სუპერლიგის საუკეთესო მეკარე გიგა გიგაური (არმია) გახდა. საუკეთესო მცველი ბაკურ ნანეიშვილია (არმია). საუკეთესო უნივერსალად ზუკა გარსევანიშვილი (პსპ) დასახელდა. საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდო რევაზ ინჯგიას (პატრული) გადაეცა. საუკეთესო ასისტენტი, 9 შედეგიანი გადაცემით, ლევან სარდანაშვილია (პსპ). საუკეთესო ბომბარდირი, 10 გოლით, გურამ გოგიჩაიშვილი (პსპ) გახდა. ყველაზე მნიშვნელოვანი წოდება, ლიგის საუკეთესო მოთამაშე, გიგა ბერაიას (არმია) მიენიჭა.

სეზონის განმავლობაში ყველაზე მცირე, 11 გოლი, არმიას აქვს მიღებული. მისი მეკარეები, გიგა გიგაური და ვახტანგ ტერუნაშვილი, ესპანური სპორტული ბრენდი ჯომასგან 200-200 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდნენ.

Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარებს:

გიგა ბერაია, არმია:“ძალიან დაძაბული ფინალი იყო. პსპ ძლიერი გუნდია. ის კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ბურთს ძირითადად ისინი აკონტროლებდნენ და ამ მხრივ გვაჯობეს, მაგრამ ფიზიკური მომზადების, მეტი მოძრაობისა და მონდომების ხარჯზე, გავიმარჯვეთ. სეზონის საუკეთესო მოთამაშე გავხდი, რაც სასიხარულოა. მართალია, გარკვეულ მომენტებში თავდადება მახასიათებს, მაგრამ ეს ჯილდო, მეტწილად, ჩემი გუნდელების დამსახურებაა. ჩემპიონობა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან მომავალში ამ სფეროში კიდევ უფრო შორს წასვლასა და განვითარებას ვაპირებთ.“

ზუკა გარსევანიშვილი, პსპ:“უნდა აღვნიშნო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების სიძლიერე. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება გვსურდა, სეზონი შეიძლება მაინც წარმატებულად ჩაითვალოს. ფინალამდე მოსვლა, ჩვენი თამაშის ხარისხს უსვამს ხაზს. ვფიქრობ, ცოტა იღბალი დაგვაკლდა. პირადი ჯილდო ძალიან გამიხარდა და მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს დაფასებისთვის. არმიას ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას.“

ლევან სარდანაშვილი, პსპ:“თანაბარი ბრძოლა იყო და კონკრეტული მომენტის რელიზებამ გადაწყვიტა მატჩის ბედი. თამაშის მოგება ნამდვილად შეგვეძლო. გვქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა და დღევანდელი მარცხი მხოლოდ ჩვენი ბრალია. ფინალში შეცდომას არ გპატიობს მოწინააღმდეგე. მინდა არმიას მივულოცო ჩემპიონობა.“

პსპ-ს ისტორიაში ოთხი და ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, არმია სუპერლიგის ახალი ჩემპიონია. აღსანიშნავია, რომ „ძალოვნებმა“ გასული სეზონი ოქროს ლიგაში გაატარეს და ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულეს.



  © SBM, 2016-2024