ოქროს ლიგაში საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ!

ყველა სიახლე
08 ნოემბერი 2020

ოქროს ლიგაში საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ!

8 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, აჭარაბეთი ოქროს ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად კროკობეთს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გამარჯვება მოიპოვა - 2:2 (3:2 პენ.).

„ბუკმეიკერთა“ დერბი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. პირველი ნახევარი კროკოს მინიმალური უპირატესობით წარიმართა. აჭარაბეთმა შეხვედრაში ანგარიში ორჯერ გაათანაბრა. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. შვიდმეტრიანების სერიაში სცენარი ორჯერ შეიცვალა, საბოლოოდ კი აჭარაბეთმა პენალტებში მეტოქეს 3:2 სძლია.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც ოქროს ლიგის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს პრიზები კროკობეთის დირექტორმა, თემურ მიქელაძემ და აჭარაბეთის პროდუქტების მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ვახო მდივანმა გადასცეს.

ოქროს ლიგის საუკეთესო მეკარე დავით თურმანიძე (აჭარაბეთი) გახდა. საუკეთესო მცველი გიორგი ბერბიჭაშვილია (კროკობეთი). საუკეთესო უნივერსალად ლევან კუჭაშვილი (კროკობეთი) დასახელდა. საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდო გიორგი ყაზარაშვილს (ნატახტარი) გადაეცა. საუკეთესო ასისტენტი, 8 შედეგიანი გადაცემით, თორნიკე კვიტატიანია (აჭარაბეთი). საუკეთესო ბომბარდირი, 13 გოლით, ლევან კოპალიანი (კროკობეთი) გახდა. ყველაზე მნიშვნელოვანი წოდება, ლიგის საუკეთესო მოთამაშე, თორნიკე ტურავას (აჭარაბეთი) მიენიჭა.

Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:

ლევან კუჭაშვილი, კროკობეთი:“საინტერესო თამაში იყო. ფინალის შესაფერისი დაძაბულობა ახლდა. თანაბარი თამაში ვაჩვენეთ. გაშვებული გოლის შემდეგ კონცენტრაცია ვერ მოვახდინეთ და შესაბამისი შედეგიც დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული ჯილდო ინდივიდუალურია, ჩემი გუნდელების გარეშე ამას ვერ მივაღწევდი. აჭარაბეთს ჩემპიონობას ვულოცავ.“

ლევან კოპალიანი, კროკობეთი:“მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდელებს. მათ გარეშე ფინალამდე ვერ მოვიდოდით. გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. ვულოცავ მოწინააღმდეგეს. გამართლდა მოლოდინები, დაძაბული  და სანახაობრივი ფინალი იყო. მეორე გოლის შემდეგ, ზედმეტად ვირწმუნეთ, რომ თამაში მოგებული გვქონდა, რამაც მოგვადუნა და საპასუხო გოლიც მივიღეთ.“

თორნიკე ტურავა, აჭარაბეთი:“ძალიან კარგი ჩემპიონატი გამოვიდა. ფინალურ შეხვედრაში ორჯერ გავათანაბრეთ ანგარიში და დავბრუნდით თამაშში. შარშან ნახევარფინალში დავმარცხდით და ჩვენთვის ამ ეტაპამდე მოსვლაც პროგრესი იყო. ცოტა იღბალიც დაგვეხმარა, რადგან პენალტებში მოვიპოვეთ გამარჯვება. ეს შედეგი ჩვენთვის დიდი სტიმულია. ჩემპიონატში ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა,  ამიტომ ცოტა მოულოდნელი იყო და გამიხარდა საუკეთესოს ჯილდოს მიღება.“

დავით თურმანიძე, აჭარაბეთი:“ჩვენი და კროკობეთის შეხვედრა ყოველთვის დაძაბულია. გამოცდილი, სწრაფი და ჭკვიანი მოთამაშეები ჰყავს ჩვენს მეტოქეს და მეკარეს ასეთ დროს საქმე უფრო ურთულდება. პენალტები უკვე გამართლებაზეა დამოკიდებული. ჩატარებული ფინალისა და სეზონის გათვალისწინებით მოულოდნელი არ ყოფილა საუკეთესო მეკარის ჯილდო.“

აჭარაბეთი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე მესამე წელია ასპარეზობს და „ბუკმეიკერებისთვის“ ეს პირველი ჩემპიონობაა.



  © SBM, 2016-2024