აჭარაბეთი ოქროს ლიგის ჩემპიონია!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის ფინალური მატჩები მიმდინარეობს. აჭარაბეთი ოქროს ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად კროკობეთს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გამარჯვება მოიპოვა - 2:2 (3:2 პენ.).
„ბუკმეიკერთა“ დერბი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. პირველი ნახევარი კროკოს მინიმალური უპირატესობით წარიმართა, გუნდი ლევან კუჭაშვილმა დააწინაურა. თამაშის განახლებიდან სამ წუთში შოთა ცუცქირიძემ წონასწორობა აღადგინა. გიორგი ბერბიჭაშვილის გოლით კროკო კვლავ წინ გავიდა, მაგრამ ალექსანდრე ღვინიაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. ფინალი დამატებით დროში გადავიდა, სადაც გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდა შეძლო. აჭარაბეთმა პენალტების სერიაშიც ორჯერ მოახერხა სცენარის შეცვლა და საბოლოოდ ჩემპიონი გახდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
თორნიკე კვიტატიანი, აჭარაბეთი:“საერთო ჯამში, დაძაბული სეზონი გამოვიდა. იყო, როგორც გამაჯვება, ასევე მარცხიც. რეგულარული ეტაპი მეორე ადგილზე დავასრულეთ. ფინალამდე ბრძოლით მოვედით, იოლი გზა არ ყოფილა. ფინალში სერიოზული მეტოქე გვყავდა და გაგვიჭირდა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი წარმატება მთლიანად მწვრთნელის, დავით ბობოხიძის დამსახურებაა. ტაიმებს შორის შესვენებაზე მან ძალიან დიდი მოტივაცია მოგვცა, რის შემდეგაც შემოვატრიალეთ თამაში და საბოლოოდ ჩემპიონებიც გავხდით.“
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი სუპერლიგის ფინალით დასრულდება. ერთმანეთს არმია და პსპ დაუპირისპირდებიან.