ვერცხლის ლიგის საუკეთესო შვიდეული!
ყველა სიახლეკავკასიის ავტო იმპორტმა ვერცხლის ლიგის ფინალში საქართველოს ბანკი დაამარცხა და 2019/20 წ.წ. სეზონის ჩემპიონი გახდა.
დაძაბული და სანახაობრივი ფინალი ავტოიმპორტსა და საქართველოს ბანკს შორის 7:3 დასრულდა. CAI-მ ანგარიში მეორმოცე წამზე გახსნა. „ბანკირებმა“ წონასწორობის აღდგენა შეძლეს, მაგრამ ავტოიმპორტი მალევე დაწინაურდა და უპირატესობა აღარ დაუთმია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან გიორგი მაჩხანელის ანგარიშზე სამი ბურთია, დუბლი გაიფორმა ლაშა ჯოხაძემ.
ფინალის დასრულების შემდეგ ვერცხლის ლიგაში საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ. მათ ჯილდოები კავკასიის ავტო იმპორტის გენერალურმა დირექტორმა, დავით გულაშვილმა და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სულხან გვალიამ გადასცეს.
ვერცხლის ლიგის საუკეთესო მეკარე ემზარ ბითიევი (ევროპაბეთი) გახდა. საუკეთესო მცველად ირაკლი გამყრელიძე დასახელდა (საქ. ბანკი). საუკეთესო უნივერსალის წოდება გიორგი წივილაშვილს (საქ. ბანკი) ერგო. საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი გიორგი ვეშაგურს (ლიბერთი ბანკი) გადაეცა. საუკეთესო ასისტენტი, 9 შედეგიანი გადაცემით, გიორგი მაჩხანელია (CAI). 30 გატანილი გოლით, საუკეთესო ბომბარდირი ლაშა ჯოხაძე გახდა. სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ნიკა ენუქიძე (CAI) დასახელდა.
Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარებს:
ირაკლი გამყრელიძე, BOG:”პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო SBM-ს ამ ჩემპიონატის ორგანიზებისთვის. ვფიქრობ, კავკასიის ავტოიმპორტმა დამსახურებულად გაიმარჯვა. პირველ ტაიმში ჩვენი შეცდომების გამო დავისაჯეთ, რაც შემდგომ ვეღარ ავანაზღაურეთ. ანგარიშის გათანაბრებაზე ვითამაშეთ და ჩვენს კარში მივიღეთ გოლები. გუნდურ ტიტულს ვერ შეედრება, მაგრამ ნამდვილად სასიამოვნოა, როცა გრძელი და დამღლელი სეზონის შემდეგ გამოგარჩევენ და წლის საუკეთესო მცველად გასახელებენ.“
გიორგი წივილაშვილი, BOG:”საერთო ჯამში, კარგი ჩემპიონატი გამოვიდა. პირველობისთვის ვიბრძოლეთ, მაგრამ, როგორც ჩანს ჩვენი დღე არ იყო. გვქონდა შესაძლებლობა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. არ ველოდი, ასეთი სხვაობით შეხვედრის დასრულებას, მაგრამ მეტოქემ ნამდვილად დაიმსახურა გამარჯვება.“
ნიკა ენუქიძე, CAI:“ანგარიშის მხრივ გვქონდა დიდი უპირატესობა, მაგრამ თამაშზე იმავეს ვერ ვიტყოდი. ფინალია და თავისებური დაძაბულობა ახლდა ამ ყველაფერს. საქართველოს ბანკი ძლიერი გუნდია, ასევე მათთან წრიულ ეტაპზე წაგება გვქონდა. ვფიქრობ, ფინალის შესაბამისი თამაში იყო.“
გიორგი მაჩხანელი, CAI:”უპირველესად, მადლობა უნდა გადავუხადო ორგანიზატორებს, რადგან გვეძლევა საშუალება ვიყოთ ჩართულები ჩემპიონატში, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პოპულარიზაციას. რაც შეეხება ფინალს, თანაბარი ანგარიშის შემდეგ გუნდის დაწინაურება შევძელი, რაც სასიხარულოა. ორივე გუნდი ბოლომდე ვიბრძოდით, რამაც დაძაბულობა გამოიწვია. მეტოქეს მომენტების რეალიზებაში ვაჯობეთ. პრინციპული თამაშიც იყო, ვინაიდან სეზონში ერთადერთი მარცხი სწორედ საქართველოს ბანკთან გვქონდა. შუა სეზონში ტრავმა მივიღე, რის გამოც რამდენიმე შეხვედრა გამოვტოვე და ამის ფონზე საუკეთესოებში მოხვედრა განსაკუთრებულად სასიხარულოა.“
კავკასიის ავტოიმპორტმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გასულ წელს დაიწყო. საკვალიფიკაციო ლიგის მოგების შემდეგ, 2019/20 წ.წ. სეზონი გუნდმა ვერცხლის ლიგის ჩემპიონობით დაასრულა.