ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო მოთამაშეები!
ყველა სიახლებაქსვუდი ბრინჯაოს ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის ჩემპიონია.
ბაქსვუდისა და ბანკი ქართუს დაძაბული დაპირისპირება დამატებითი დროიდან პენალტების სერიაში გადაიზარდა და საბოლოოდ ჩემპიონის ტიტული ბაქსვუდმა მოიპოვა. ფინალის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. დამატებით ტაიმებში ვერც ერთმა გუნდმა გადაწყვიტა მატჩის ბედი. პენალტების სერიაში ქართუ 2:1 დამარცხდა. ბაქსვუდის მეკარემ, დავით მამაცაშვილმა, სამი შვიდმეტრიანი მოიგერია და ბაქსვუდი ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონი გახდა.
ფინალური შეხვედრის შემდეგ ბრინჯაოს ლიგაში საუკეთესო მოთამაშეები დასახელდნენ. ნომინაციებში გამარჯვებულები ქართუ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ოპერაციების დირექტორმა, დავით გალუაშვილმა და ბაქსვუდის სკოლის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე ვაშაკიძემ დააჯილდოეს.
ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო მეკარე დავით ნიკოლაიშვილი გახდა (ქართუ). საუკეთესო მცველის წოდება რეზი ქემოკლიძეს (ბაქსვუდი) მიენიჭა. საუკეთესო უნივერსალის ჯილდო თორნიკე მახარაშვილს (დიპლომატ ჯორჯია) გადაეცა. საუკეთესო თავდამსხმელად დავით აბეჩხრიშვილი (ქართუ) დასახელდა. საუკეთესო ბომბარდირი, 15 გატანილი გოლით, იაკობ გოგოლაძეა (ქართუ). სეზონის საუკეთესო მოთამაშე და ასისტენტი, 10 შედეგიანი გადაცემით, თენგიზ უგრეხელიძე გახდა (ბაქსვუდი).
Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:
იაკობ გოგოლაძე, ქართუ:“თანაბარი თამაში და ორმხრივი შეტევები იყო. 2:0 მიგვყავდა ანგარიში, მაგრამ, სავარაუდოდ, დაღლამ იჩინა თავი. შეცდომები დავუშვით, რასაც ორი სწრაფი გოლი მოჰყვა. მოგეხსენებათ, პენალტების სერია ლატარიაა და დავმარცხდით. ჩემი გუნდის დამსახურებაა, რომ სეზონში 15 გოლის გატანა შევძელი. მოხარული ვარ ამ ჯილდოთი, კარგი ასისტენტები მყავდა და მადლობას ვუხდი მათ.“
დავით ნიკოლაიშვილი, ქართუ:“ორგანიზატორებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა. შეგვეძლო ნამდვილად მოგება. პირველი ტაიმი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ. იმედია, მომევალ სეზონზე უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.“
დავით აბეჩხრიშვილი, ქართუ:“სეზონის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა პროგრესი განიცადა. თავიდან რამდენიმე შეხვედრაში დავმარცხდით, შემდეგ გავაუმჯობესეთ თამაშის ხარისხი და ფინალამდეც მოვედით. ლამაზი მატჩი იყო, სანახაობრივი და დაძაბული. ცოტა დაგვაკლდა ჩემპიონობამდე. მთლიანად ტურნირი ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა, რისთვისაც მადლობელი ვართ. ბაქსვუდს ვულოცავ ჩემპიონობას, ჩემს გუნდს კი ვერცხლის მედლებს.“
რეზი ქემოკლიძე, ბაქსვუდი:“მთლიანობაში რომ შევაჯამოთ, საინტერესო ჩემპიონატი გამოვიდა. ბრინჯაოს ლიგის გამარჯვებულები ვართ და შესაბამისად, ჩვენთვის წარმატებით დასრულდა სეზონი. მიხარია, რომ ამ ასაკში კიდევ ერთხელ დამიფასდა შრომა და საუკეთესო მცველის პრიზი გადმომეცა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს, რომელმაც პანდემიის გამო დღეს მოსვლა ვერ შეძლო. ვფიქრობ, ფინალები ზოგადად ასეთი უნდა იყოს, საინტერესო და ბოლო წამებამდე დაძაბული.“
თენგიზ უგრეხელიძე, ბაქსვუდი:“პირველ ტაიმში სცენარი ჩვენს საწინააღმდეგოდ განვითარდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ძალები მოვიკრიბეთ და გამოცდილების ხარჯზე გავათანაბრეთ ანგარიში. ჩვენი მეტოქე დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა სეზონის საუკეთესო მოთამაშე ხდები, მაგრამ მთავარი გუნდურობაა და მიხარია, რომ ჩემპიონები გავხდით. ვულოცავ ბაქსვუდს გამარჯვებას და ქართუს წარმატებებს ვუსურვებ.“
ბაქსვუდისთვის რიგით მეექვსე სეზონი წარმატებით დასრულდა და ვერცხლის ლიგის ჩემპიონობას, ბრინჯაოს პირველობაც დაემატა.