ბაქსვუდმა ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონობა პენალტების სერიაში მოიპოვა!

ყველა სიახლე
07 ნოემბერი 2020

ბაქსვუდმა ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონობა პენალტების სერიაში მოიპოვა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის ფინალებმა სტარტი ბრინჯაოს ლიგის დასკვნითი შეხვედრით აიღო.

ბაქსვუდისა და ბანკი ქართუს დაძაბული დაპირისპირება დამატებითი დროიდან პენალტების სერიაში გადაიზარდა და საბოლოოდ ჩემპიონის ტიტული ბაქსვუდმა მოიპოვა. ფინალის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ქართუ 2:1 დამარცხდა.

შეხვედრის პირველ ნახევარში, ოცდაათწამიან ინტერვალში, იაკობ გოგოლაძისა და გიორგი ჩიკვილაძის გოლებით „ბანკირები“ დაწინაურდნენ.  თამაშის განახლების შემდეგ გიორგი მესხმა და დავით ტარუაშვილმა წონასწორობა აღადგინეს, ანგარიში 2:2 გახდა. დამატებით დროში ვერც ერთმა გუნდმა გადაწყვიტა მატჩის ბედი, პენალტების სერიაში კი ბაქსვუდის მეკარემ, დავით მამაცაშვილმა, სამი შვიდმეტრიანი მოიგერია და ბაქსვუდი ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონი გახდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ალექსანდრე ვაშაკიძე, ბაქსვუდი:“მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდი დაემთხვა, SBM-მა ყველაფერი გააკეთა სეზონის წარმატებით დასასრულებლად. რეგულარული ეტაპი პირველ ადგილზე დავასრულეთ, პლეიოფშიც საკმაოდ დამაჯერებელი გამოსვლა გვქონდა, თუმცა, ფინალის წინ ვნერვიულობდით. ქართუ ბანკი ძალიან ორგანიზებული, მონდომებული და კარგი გუნდია. ერთადერთი მარცხი სეზონში სწორედ ამ გუნდთან გვქონდა და შესაბამისად, ჩვენს შესაძლებობებში დარწმუნებულები არ ვიყავით. რაც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე გამოვდივართ, პირველი შემთხვევაა, როცა პენალტების სერიაში ვიმარჯვეთ. გუნდის თითოეულმა წევრმა დიდი ძალისხმევა ჩადო, რომ ეს გამარჯვება მოგვეპოვებინა და ჩვენს მაისურებზე მეორე ვარსკვლავიც დაგვემატებინა.“

დღესვე გამოვლინდება ვერცხლის ლიგის ჩემპიონიც. ტიტულისთვის კავკასიის ავტო იმპორტი და საქართველოს ბანკი იბრძოლებენ.



  © SBM, 2016-2024