პსპ vs არმია - მეთორმეტე სეზონი სუპერლიგის ფინალით დასრულდება!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთორმეტე სეზონი 8 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სუპერლიგის ფინალით დასრულდება. პსპ ტიტულს არმიასთან დაცავს და რიგით მეხუთე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, რაც რეკორდული მაჩვენებელი იქნება.
გასული სეზონი არმიასთვის წარმატებული გამოდგა. „ძალოვნებმა“ ჯერ ოქროს ლიგის ტიტული მოიპოვეს, SBM ლიგის თასის ფინალში ითამაშეს და ევროპის საკლუბო ჩემპიონატზეც იასპარეზეს. არმიასთვის, მიმდინარე სეზონი, რიგით მეხუთეა. ოქროს ლიგის ტიტულის მოპოვებამდე, ის ერთხელ საპრიზო, მესამე ადგილის მფლობელიც გახდა და საერთო ჯამში, SBM-ის რეიტინგში 21.25 ქულით მეთორმეტე პოზიციაზეა.
არანაკლებ ტიტულოვანია პსპ. ის შეიძლება ლიგის ყველაზე ერთგულ წევრად მივიჩნიოთ. „ფარმაცევტები“ ლიგაში მეთერთმეტე სეზონს ატარებენ და 68 ქულით მეორე ადგილზე არიან. ოქროს ლიგაში ვერცხლის მედალი ერთხელ მოიპოვეს, შემდეგ კი სუპერლიგაში კვალიფიცირდნენ, აქ ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ტურნირის გამარჯვებულები სულ ოთხჯერ გახდნენ და უკანასკნელი სამი სეზონის მანძილზე ჩემპიონობას არ თმობენ. პსპ-მ ამ დროის მანძილზე SBM-ის თასიც მოიპოვა.
სუპერლიგის წრიული ეტაპის ლიდერი 17 ქულით არმია იყო. ნახევარფინალის ორივე შეხვედრაში მან მაესტრო დიდი ანგარიშით, 8:1 - 8:2, დაამარცხა. „ძალოვნების“ რიგებიდან 9 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით ბაკურ ნანეიშვილი ლიდერობს. რაც შეეხება პსპ-ს, იგი პატრულს დაუპირისპირდა, რომელთანაც ფინალის საგზურის მოპოვება იოლი არ ყოფილა. ორივე მატჩი დაძაბული გამოდგა, საბოლოოდ ორივეში გამარჯვება პსპ-ს ხვდა წილად, ანგარიშით 1:0 და 1:2. "ფარმაცევტების" რიგებიდან ყველაზე მეტი, 10 გოლი და 5 ასისტი, გურამ გოგიჩაიშვილის ანგარიშზეა.
არმია და პსპ ერთმანეთს რეგულარული სეზონის მეხუთე ტურში დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონი საინტერესო და დაძაბული ფინალით დასრულდება. სუპერლიგის გადამაწყვეტი მატჩი 8 ნოემბერს 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება, თუმცა გულშემატკივარს არმიასა და პსპ-ს დაპირისპირების ხილვა sbm.ge-ზე და ლიგის ოფიციალურ ფეისუქ გვერდზე პირდაპირი რეპორტაჟით შეეძლება.