ოქროს ლიგის ფინალი - კროკობეთი vs აჭარაბეთი!

ყველა სიახლე
05 ნოემბერი 2020

ოქროს ლიგის ფინალი - კროკობეთი vs აჭარაბეთი!

ორი ბუკმეიკერი, კროკობეთი და აჭარაბეთი, 8 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ოქროს ლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე ეს გუნდები სამწლიან ისტორიას ითვლიან. გასული სეზონი ორივე მათგანმა ვერცხლის ლიგაში გაატარა, კროკობეთმა ჩემპიონატში პირველობა მოიპოვა და ოქროს მედლებს დაეუფლა. ამას გარდა, მის აქტივში ბრინჯაოს მესამე ადგილია და SBM-ის რეიტინგში 12.75 ქულა აქვს. რაც შეეხება აჭარაბეთს, მის მიღწევებში ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ვერცხლის ლიგის საპრიზო, მესამე ადგილია.

2019/20 წ.წ. სეზონში აჭარაბეთი და კროკობეთი ერთმანეთს წრიულ ეტაპზე ორჯერ დაუპირისპირდნენ. მათ ურთიერთეშხვედრებში თანაფარდობაა და ორივეს მინიმალური უპირატესობით თითო თამაში აქვს მოგებული. საერთო ჯამში, სატურნირო ცხრილის ლიდერი, ერთქულიანი სხვაობით, კროკობეთი გახდა.

პირველი ნახევარფინალი აჭარაბეთსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის გოლის გარეშე დასრულდა (0:0), განმეორებით მატჩში კი „ბუკმეიკერებმა“ დამაჯერებლად იმარჯვეს (7:1). კროკობეთმა ნატახტართან პირველ ნახევარფინალში 5:3 მოიგო, მაგრამ გადამწყვეტ თამაშში ძირითად დროში დამარცხდა და ფინალის საგზურის მოპოვება დამატებით დროში მოახერხა.

აჭარაბეთის რიგებიდან 7 გატანილი გოლითა და 7 შედეგიანი გადაცემით თორნიკე კვიტატიანი ლიდერობს. მიმდინარე სეზონში  ლევან კოპალიანმა კროკობეთისთვის 13 გოლი გაიტანა და აქტივში 4 ასისტიც მიითვალა.

ოქროს ლიგის ფინალს თბილისის ოლიმპიური სასახლე 8 ნოემბერს 13:00 საათზე უმასპინძლებს. როგორც სხვა შეხვედრები, „ბუკმეიკერთა დერბიც“ მაყურებლის გარეშე და უსაფრთოხების მკაცრი რეგულაციებით ჩატარდება. გულშემატკივარს თამაშის ყურება sbm.ge-ზე და ლიგის ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი რეპორტაჟით შეეძლება.



  © SBM, 2016-2024