ვერცხლის ლიგის ფინალი - კავკასიის ავტოიმპორტი vs საქართველოს ბანკი!

ყველა სიახლე
03 ნოემბერი 2020

ვერცხლის ლიგის ფინალი - კავკასიის ავტოიმპორტი vs საქართველოს ბანკი!

7 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ვერცხლის ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართება. საკვალიფიკაციო ლიგიდან დაწინაურებული კავკასიის ავტოიმპორტი ბრინჯაოს ლიგის გასული სეზონის ჩემპიონს, საქართველოს ბანკს დაუპირისპირდება.

კავკასიის ავტოიმპორტისთვის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის მეორე წელიც წარმატებით მიმდინარეობს. საკვალიფიკაციო ლიგის მოგების შემდეგ, დებიუტანტებს ვერცხლის ლიგის ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ. სეზონის მანძილზე ავტოიმპორტის შეხვედრები უხვგოლიანობით გამოირჩეოდა. ფინალამდე გუნდის აქტივში 47 გატანილი გოლი დაგროვდა, მათგან 28  ლაშა ჯოხაძის ანგარიშზეა, რომელიც ამ ეტაპისთვის, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშისა და ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზეა.

მეტოქის შედეგიანობას საქართველოს ბანკი გამოცდილებით დაუპირისპირდება. გუნდში 9 გატანილი გოლით ირაკლი გამყრელიძე ლიდერობს. SBM-ის რეიტინგში „ბანკირები“ 24.25 ქულით მეათე პოზიციაზე არიან. საქართველოს ბანკის ცხრაწლიანი ისტორია ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს ჩემპიონობას,  ოქროს ლიგის მესამე ადგილსა და ვერცხლის ლიგის ორ საპრიზო (II,III) ადგილს ითვლის.

კავკასიის ავტოიმპორტმა ნახევარფინალური შეხვედრები ევროპაბეთთან მარტივად, ანგარიშით 9:4, 7:3 მოიგო. ფინალის საგზურისთვის გამართულ პირველ შეხვედრაში საქართველოს ბანკმა ლიბერთის ანგარიში ბოლო წამებზე გაუთანაბრა და განმეორებით მატჩში მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის ავტოიმპორტს მიმდინარე სეზონში ერთადერთი მარცხი სწორედ საქართველოს ბანკთან აქვს (3:0) და ასევე, BOG ვერცხლის ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელთანაც ავტოიმპორტს გოლი არ აქვს გატინილი.

ვერცხლის ლიგის ფინალი 7 ნოემბერს 17:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეხვედრა მაყურებლის გარეშე და უსაფრთოხების მკაცრი რეგულაციებით ჩატარდება, მაგრამ გულშემატკივარს თამაშის ყურება sbm.ge-ზე და ლიგის ფეისბუქ გვერდზე შეეძლება.



  © SBM, 2016-2024