ბრინჯაოს ლიგის ფინალის წინ - ბაქსვუდი vs ქართუ!

ყველა სიახლე
03 ნოემბერი 2020

ბრინჯაოს ლიგის ფინალის წინ - ბაქსვუდი vs ქართუ!

7 და 8 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის ფინალური შეხვედრები გაიმართება. ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის საუკეთესო გუნდები მთავარი ტიტულისთვის იბრძოლებენ.

სპორტული სააგენტო SBM ლიგის გულშემატკივარსა და მონაწილეებს საინტერესო სიახლეს სთავაზობს. პირველად ისტორიაში, ყველა ფინალის პირდაპირი რეპორტაჟი sbm.ge-ზე და ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე კომენტატორის თანხლებით გაეშვება.

ფინალური ეტაპი 7 ნოემბერს ბრინჯაოს ლიგით დაიწყება. ერთმანეთს ბაქსვუდი და ბანკი ქართუ დაუპირისპირდებიან.

ორივე გუნდი ბრინჯაოს ლიგის ტიტულისთვის პირველად იბრძოლებს. ბაქსვუდმა წრიული ეტაპი ერთადერთი მარცხითა და 7 გამარჯვებით პირველ ადგილზე დაასრულა, ქართუს კი 2 წაგება აქვს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბაქსვუდის ერთადერთი უარყოფითი შედეგი სწორედ „ბანკირებთან“ დაფიქსირდა. მათი შეხვედრა 3:1 დასრულდა.

ქართუს რიგებიდან გოლეადორი, გუნდის კაპიტანი, იაკობ გოგოლეძეა, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში 14 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა. რაც შეეხება ბაქსვუდს, ამ მხრივ აქაც კაპიტანი ლიდერობს, თენგიზ უგრეხელიძემ მეტოქის კარის აღება 12-ჯერ მოახერხა და აქტივში 10 ასისტიც მიითვალა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ისტორიას რომ გადავხედოთ, ქართუ მესამე სეზონს ატარებს, ჯერ ტიტულის გარეშეა და რეიტინგში, რომელიც 12 წლიანი ისტორიის მანძილზე გუნდების შედეგებს ითვლის, 3 ქულით 53-ე პოზიციას იკავებს. ბაქსვუდს ლიგაზე თამაშის ორჯერ მეტი გამოცდილება აქვს, რეიტინგში 22-ე ადგილზეა და 16.25 ქულა აქვს.  მის მიღწევებში ვერცხლის ლიგის ჩემპიონობა და ოქროს ლიგის მესამე ადგილია. 

ფინალის საგზურის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა ქართუ ბანკს. პირველ ნახევარფინალში დიპლომატ ჯორჯიასთან მარცხის შემდეგ მათ მეტოქეს ჯერ ძირითად დროში სძლიეს, შემდეგ კი დამატებით ხუთწუთიან ტაიმში მინიმალური უპირატესობით იმარჯვეს და დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ბაქსვუდმა ეს გზა შედარებით იოლად გაიარა, ენერგო პროს ორივე შეხვედრაში მოუგო, ანგარიშით 4:1 და 7:3.

ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონი 7 ნოემბერს 13:00 საათზე ჩანიშნული მატჩის შემდეგ გამოვლინდება. შეგახსენებთ, კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეხვედრა მაყურებლის გარეშე და უსაფრთოხების მკაცრი რეგულაციებით ჩატარდება, მაგრამ გულშემატკივარს თამაშის ყურება sbm.ge-ზე და ლიგის ფეისბუქ გვერზე შეეძლება.



  © SBM, 2016-2024