CAI და ლიბერთი ვერცხლის ლიგის ნახევარფინალში არიან!

ყველა სიახლე
11 ოქტომბერი 2020

CAI და ლიბერთი ვერცხლის ლიგის ნახევარფინალში არიან!

ვერცხლის ლიგაში სამი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია.

ლიბერთი ბანკისა და სახელმწიფო ელექტროსისტემის დაპირისპირების ძირითადი დრო GSE-ს დიდი უპირატესობით, 8:0 წარიმართა, თუმცა პირველ შეხვედრაში გამარჯვება „ბანკირებს“ ხვდათ წილად და ნახევარფინალისტის ბედი საბოლოოდ პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც ლიბერთიმ 5:4 იმარჯვა. დუბლი გაიფორმეს გოჩა გიორგანაშვილმა, ლევან ბარბაქაძემ და ვასილ სულაშვილმა. ვერცხლის ლიგის ნახევარფინალში ლიბერთის მეტოქე საქართველოს ბანკი იქნება.

კავკასიის ავტოიმპორტმა ავერსთან მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაშიც იმარჯვა, ანგარიშით 4:2 და ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს. თავდაპირველად ორბურთიანი უპირატესობა „ფარმაცევტებს“ ჰქონდათ, მაგრამ ბოლო ათი წუთის ინტერვალში ლაშა ჯოხაძემ ჰეთრიკი გაიფორმა, გიორგი გიორგაძეც გუნდს ერთი ბურთით დაეხმარა და CAI-მ მეტოქე საბოლოოდ 4:2 დაამარცხა.

სუპერლიგაში ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრები არმიისა და მაესტროს დაპირისპირებით დაიწყო. მაესტროს რიგებიდან ერთადერთი გოლი დავით კაკუბერმა ორმოცდამეოთხე წამზე გაიტანა, გუნდმა კი თავის კარში რვა ბურთი მიიღო. პოკერი გაიფორმა ბაკურ ნანეიშვილმა, ენრი ჩადუნელის ანგარიშზე ორი გოლია, შეხვედრა საბოლოოდ 8:1 დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლაშა ჯოხაძე, CAI: „ამხელა პაუზის ფონზე კარგად მოვემზადეთ დღევანდელი შეხვედრისთვის. ბევრი ვივარჯიშეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მოწინააღმედეგემ პირველ ტაიმში ძალიან კარგი თამაში აჩვენა, დაცვაშიც მობილიზებულები იყვნენ. შესვენების შემდეგ რადიკალურად შევცვალეთ ჩვენი ტაქტიკა, მალევე გადავეწყვეთ და დავლაგდით, რამაც შედეგი გამოიღო. ნახევარფინალისთვის ორმაგი მოტივაციით უნდა მოვემზადოთ, რადგან მარტივი მეტოქე არ გვეყოლება.“

თორნიკე წინწკალაძე, ლიბერთი: „მოწინააღმდეგე გუნდს ეტყობოდა, რომ ჩვენზე უკეთ იყო მომზადებული. ნამდვილად კარგი თამაში გამოვიდა. ძალიან დიდი პერიოდი გაგვიცდა და საერთოდ არ გვივარჯიშია, რამაც შედეგზე იმოქმედა. GSE-მ მომენტების რეალიზება შეძლო და ძირითად დროში დიდი ანგარიშით დავმარცხდით, მაგრამ საბედნიეროდ, პირველი შეხვედრა ჩვენი უპირატესობით დასრულდა და პენალტების სერიაში გავიმარჯვეთ. რაც შეეხება საქართველოს ბანკს, მათთან თამაშის გამოცდილება გვაქვს, ჩვენი მეგობრები არიან, ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ და მოვიგოთ.“

კავკასიის ავტოიმპორტის მეტოქე დღის ბოლოს  ICR-სა და ევროპაბეთის დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა.



  © SBM, 2016-2024