ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თორმეტწლიანი ისტორია ციფრებში!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგაში რიგით მეთორმეტე სეზონი მიმდინარეობს. 2008 წლიდან დღემდე სპორტული სააგენტო SBM მთავარი სლოგანის ქვეშ - „მეგობრობა ჩვენი ლიგაა“ - უკვე 161 კომერციულ და სახელმწიფო უწყებების სამოყვარულო გუნდს აერთიანებს.
ისტორია, რომელიც წლების მანძილზე იქმნებოდა, დღეს უკვე ჩვენს ოფიციალურ საიტზე, sbm.ge-ზე რეიტინგის ველშია ხელმისაწვდომი. რეიტინგში 2008 წლიდან მოყოლებული ყველა მონაწილეს ქულათა სისტემის საფუძველზე მინიჭებული აქვს შესაბამისი ადგილი, რომელიც სხვადასხვა რანგის ლიგაში მოპოვებული საპრიზო ადგილების მიხედვით განისაზღვრა.
ჯამში მონაწილე 161 გუნდიდან 52-მა მინიმუმ ერთი საპრიზო ადგილი მაინც დაიკავა. აღსანიშანვია, რომ ყველაზე დიდი კონკურენცია ტიტულის მფლობელებში ვერცხლის ლიგაშია, ჯამში 9 გუნდმა მოახერხა ამ ჯილდოს მოპოვება და არც ერთხელ ჩემპიონი არ განმეორებულა. ოქროს ლიგას 6 გამარჯვებული ჰყავს, რეკორდული მაჩვენებელი, 4 თასი, ნატახტარის ანგარიშზეა. ექვსმა გუნდა მოახერხა ბრინჯაოს ლიგის მოგებაც, სადაც მხოლოდ ევროპაბეთს აქვს მთავარი ჯილდო ორჯერ მოპოვებული, რაც შეეხება სუპერლიგას, მისი ერთპიროვნული ლიდერი პე ეს პეა, ჯამში გამართული შვიდი სეზონიდან ოთხში გამარჯვება „ფარმაცევტებს“ ხვდათ წილად, დარჩენილ სამს კი სხვა გუნდები ინაწილებენ.
შედგენილი რეიტინგის სათავეში ნატახტარი მოექცა, რომელსაც ოქროს ლიგა რეკორდული რაოდენობით, ოთხჯერ აქვს მოგებული და ერთხელ ვერცხლის მფლობელიც გახდა. პსპ-სთან ერთად ყველაზე მეტი პრიზი აქვს სუპერლიგაშიც - ნატახტარი ხუთგზის მესამეადგილოსანია. ვერცხლის ლიგა ერთხელ აქვს მოგებული და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების ფინალში სამჯერ ითამაშა, ერთხელ კი გამარჯვებული გახდა, რის შედეგადაც რეიტინგში ჯამურად 91 ქულა აქვს და საპატიო, პირველ ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ნატახტარს მხოლოდ 2 სეზონი აქვს ლიგაში გამოტევებული.
რაც შეეხება პსპ-ს, ის შეიძლება ლიგის ყველაზე ერთგულ წევრად მივიჩნიოთ. „ფარმაცევტები“ ლიგაში მეთერთმეტე სეზონს ატარებენ და 68 ქულით მეორე ადგილზე არიან. ოქროს ლიგაში ვერცხლის მედალი ერთხელ მოიპოვეს, შემდეგ კი სუპერლიგაში კვალიფიცირდნენ, აქ ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ტურნირის გამარჯვებულები სულ ოთხჯერ გახდნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია და უკანასკნელი სამი სეზონის მანძილზე ჩემპიონობას არ თმობენ. პსპ-მ ამ დროის მანძილზე SBM-ის თასიც მოიპოვა.
საერთო ქულების რაოდენობით, სულ ცოტათი ჩამორჩება პატრული პსპ-ს. „ძალოვნებს“ 55.25 ქულა აქვთ, ორი მოგებითა და ერთხელ ფინალში თამაშით კი ლიგის თასის ყველაზე ტიტულოვანი წარმომადგენლები არიან. პატრული ოქროს ლიგის ბრინჯაოს მფლობელი ერთხელ, გამარჯვებული კი ორჯერ გახდა. 2017/18 წ.წ. სეზონის ტრიუმფის შემდეგ კი სლოვენიაში, ევროპის გაერთიანებული ბიზნეს ლიგის თასზე, სადებიუტო ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა.
ოთხ ლიგაში იასპარეზა და არც ერთი მათგანი ტიტულის გარეშე არ დაუტოვებია ვითიბი ბანკს, რაც ამ მხრივ, საუკეთესო შედეგია. იგი უკვე მეათე სეზონია თამაშობს. მის აქტივში საკვალიფიკაციო ლიგის ჩემპიონობა, ბრინჯაოს ლიგის მეორე ადგილი, ვერცხლის ლიგის ტიტული, ვიცე-ჩემპიონობა და ოქროს ლიგის ბრინჯაოს მედალია.
2019/20 წ.წ. სეზონზე საკვალიფკკაციო, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს და სუპერლიგის მონაწილეთა ჯამური რაოდენობა 33-ია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გათამაშება მთელი თავისი არსით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და ორგანიზაციებში კორპორატიული სულისკვეთების ამაღლებას ემსახურება. ჩემპიონატში თამაშობენ როგორც ორგანიზაციების სხვადასხვა დონის მენეჯერები და ხელმძღვანელები, ისე ყოფილი და ვეტერანი ფეხბურთელები.
სპორტული სააგენტო SBM მადლობას უხდის ლიგის ყველა მონაწილეს და გისურვებთ ჯანმრთელობას.