ზვიად კუპატაძე:“...რუსეთი საქართველოს ძლიერ მეტოქედ აღიქვამს“
ყველა სიახლეშვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული ფუტსალის ევრო 2022-ის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ საქართველოს მეტოქეების ვინაობა ცნობილია. „ჯვაროსნები“ მეორე ჯგუფში მესამე პოზიციაზე არიან განთესილი და მომდევნო ეტაპის საგზურისთვის საფრანგეთს, რუსეთსა და ბულგარეთი/სომხეთის წყვილის გამარჯვებულს დაუპირსპირდებიან.
მეტოქეები ერთმანეთს ორჯერ, სახლი-გასვლით მატჩში შეხვდებიან, რაც ფუტსალის საერთაშორისო ფორუმებისთვის სიახლეა.
ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ნიდერლანდები უმასინძლებს 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მასპინძელი ნიდერლანდების გარდა, 8 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, ხოლო დარჩენილი ერთი ადგილის ბედს ორი უარესი მეორეადგილოსნის ორ რაუნდიანი დაპირიპსირება გადაწყვეტს.
sbm.ge გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის შეფასებებს:
ზვიად კუპატაძე:“როგორც ხდება ხოლმე, სიკვდილის ჯგუფში მოვხვდით. მეოთხე მეტოქე, ჩემი შეფასებითაც, სავარაუდოდ სომხეთი იქნება, ის ბრაზილიელ და რუს ლეგიონერებს იმატებს და მეტად ძლიერდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული შეხვედრები გველის, უფრო ტკბილი იქნება ასეთი გამარჯვების მოპოვება და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა.
ჯგუფის ფავორიტად რუსეთი მიმაჩნია, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია და უძლიერესი მოთამაშეები ჰყავს. ევროპის ჩემპიონატებშიც ყოველ ჯერზე საპრიზო ადგილებით გამოირჩევიან. საფრანგეთიც ანგარიშგასაწევი მეტოქეა. შანსებზე რომ ვისაუბრო, ყოველთვის გვქონდა შესაძლებლობა მეტი წარმატებისთვის მიგვეღწია, თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შესარჩევი რომ გავიხსენოთ, ძალიან ახლოს ვიყავით მომდევნო ეტაპთან. დადებითი მხარეა ის, რომ ორი შეხვედრა მოგვიწევს, სტუმრისა და მასპინძლის ამპლუაში, რაც შანსებს უფრო ზრდის.
როგორც მოგეხსენებათ, უკვე 16 წელია რუსეთის ჩემპიონატში ვმოღვაწეობ და ძალიან კარგად ვიცნობ აქაურ მოთამაშეებს, მათ სტილს და შესაძლებლობებს. ეს მათაც კარგად იციან და შესაბამისად, რუსეთი საქართველოს ძლიერ მეტოქედ აღიქვამს. იციან, რომ ადვილი გასეირნება არ ელოდებათ და ვფიქრობ, ჯგუფში ჩვენთან მოხვედრა არ გაახარებდათ. იმედია, გულშემატკივრის დასწრებასთან დაკავშირებით არ იქნება შეზღუდვები და სახლში გასამართ მატჩებში ქართველი ქომაგები დარბაზს გაავსებენ.“
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 2020 წლის 6 დეკემბრიდან 2021 წლის 14 აპრილამდე გაიმართება.