ევრო 2022-ის შესარჩევზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია!
ყველა სიახლეშვეიცარიის ქალაქ ნიონში ფუტსალის ევრო 2022-ის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში მესამე პოზიციით საფრანგეთთან და რუსეთთან ერთად იასპარეზებს, რომელთაც სომხეთისა და ბულგარითის წყვილის გამარჯვებულიც დაემატება. შეხვედრები 2020 წლის 6 დეკემბრიდან 2021 წლის 14 აპრილამდე გაიმართება. მეტოქეები ერთმანეთს ორჯერ, სახლი-გასვლით მატჩში დაუპირისპირდებიან, რაც ფუტსალის საერთაშორისო ფორუმებისთვის სიახლეა.
ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ნიდერლანდები უმასპინძლებს 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მასპინძელი ნიდერლანდების გარდა, 8 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, ხოლო დარჩენილი ერთი ადგილის ბედს ორი უარესი მეორეადგილოსნის ორ რაუნდიანი დაპირისპირება გადაწყვეტს. ფინალური ეტაპი ამსტერდამსა და გრონინგენში 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
Sbm.ge გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარს:
ავთანდილ ასათიანი:"შესაძლოა ითქვას, რომ ყველაზე რთული ჯგუფი შეგვხვდა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ბულგარეთისა და სომხეთის წყვილში დიდი ალბათობით სომხეთი გაიმარჯვებს, რადგან ბევრად ძლიერი ნაკრები ჰყავს. ანგარიშგასაწევი ძალა ვართ და აუცილებლად ჯგუფიდან გასასვლელად ვიბრძოლებთ და 3-4 ქულას არ დავჯერდებით. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და პირდაპირ გამსვლელ ორ გუნდში მოვხვდეთ."
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს შემდეგ თარიღებში გამართვას:
6-9 დეკემბერი (2020)
25 იანვარი-3 თებერვალი (2021)
1-10 მარტი (2021)
5-14 აპრილი (2021).