დრამატულ ფინალში თელასმა იმარჯვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა!

ყველა სიახლე
17 აგვისტო 2020

დრამატულ ფინალში თელასმა იმარჯვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა!

თბილისის ოლიმპიურ სასახელში ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მეორე შეხვედრა საოცრად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. თელასმა თსუ-სთან „საფეხბურთო ლატარეაში“ იმარჯვა და  დასკვნით სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

ნიკა ხარატიშვილისა და ჯანო გიორგაიას გოლებით „ენერგეტიკოსები“ ოცდამეთვრამეტე წუთისთვის ორი ბურთით იგებდნენ, მაგრამ წუთნახევრიან ინტერვალში ნოდარ ქურცაძემ დუბლი გაიფორმა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. ჯანო გიორგაიამ თელასი კვლავ წინ გაიყვანა. დამატებითი დროის ამოწურვამდე ოთხი წამით ადრე ლაშა სიგუნავამ ანგარიში 3:3 გახადა. პენალტების სერიაში თსუ-მ ორი დარტყმა ვერ გამოიყენა (0:2) და თელასმა საბოლოოდ 5:3 იმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ალექსანდრე ჯამბურია (თელასი) დასახალედა, რომელსაც ესპანური ბრენდი ჯომასგან 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ალექსანდრე ჯამბურია, თელასი:“დაძაბული თამაში იყო. შემადგენლობის მხრივ დანაკლისი გვაქვს და ფაქტობრივად ექვს მოთამაშეს უწევს ბოლომდე დახარჯვა, რაც რთულია. ორბურთიანი უპირატესობა წუთნახევარში გავფლანგეთ, მაგრამ საბედნიეროდ ბოლოს მაინც მოვიგეთ. თამაშში ყველაფერი იყო - დამატებითი დრო, პენალტები და მგონი მაყურებელმა ისიამოვნა ამით. დისკვალიფიცირებული მოთამაშე დაგვემატება გადამწყვეტ მატჩში, რაც დიდი ძალაა და ვფიქრობ, შანსები თანაბრად გვექნება ორივე გუნდს.“

ნოდარ ქურცაძე, თსუ:“ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, ორჯერ მოვახერხეთ მატჩის შემობრუნება, მაგრამ პენალტებში არ გაგვიმართლა და დავმარცხდით. მოწინააღმდეგის მხარეს უფრო იყო დღეს იღბალი. ბევრი ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და შემდეგ თამაშში შევეცდებით შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ, კარგი თამაში ვაჩვენოთ და სასურველ შედეგს, ჩემპიონობას მივაღწიოთ.“

ქვეყნის საუკეთესო გუნდის ვინაობა 19 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფინალური სერიის გადამწყვეტ შეხვედრაში გაირკვევა.



  © SBM, 2016-2024