ილიაუნი სადებიუტო სეზონში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა!

ყველა სიახლე
17 აგვისტო 2020

ილიაუნი სადებიუტო სეზონში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის დასკვნითი შეხვედრები მიმდინარეობს. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს თბილისი და ილიაუნი დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში  „სტუდენტებმა“ 2:1 იმარჯვეს და ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ.

კახა გოგოხიამ თბილისი მეთორმეტე წუთზე დააწინაურა, ტაიმის დასრულებამდე მიქაელ იორამაშვილმა წონასწორობა აღადგინა და ანგარიში თითქმის საფინალო სირენამდე 1:1 იყო, თუმცა ორმოცი წამით ადრე იორამაშვილმა დუბლი გაიფორმა და ილიაუნი სადებიუტო სეზონში ფუტსალის ლიგის მესამე ადგილოსანი გახდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მიქაელ იორამაშვილი დასახელდა, მას ესპანური ბრენდი ჯომასგან 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ნიკა გვაზავა, ილიაუნი:“ძირითადი ხუთეულის ოთხი მოთამაშე გვაკლდა და ამ მატჩს დიდი დანაკლისით შევხვდით. ილიაუნი ახალგაზრდა მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და ბოლომდე ვიბრძოლეთ. მწვრთნელის რჩევები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. ბოლო წუთამდე 1:1 იყო ანგარიში, ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა და მადლობა მინდა გადავუხადო მოწინააღმდეგეს. ბოლო გოლზე, შეიძლება ითქვას, რომ ცოტა გაგვიმართლა. ძალიან გახარებულები ვართ მესამე ადგილით და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს სეზონი ჩვენთვის წარმატებული იყო.“

ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მეორე შეხვედრა თელასსა და თსუ-ს შორის 18:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თსუ-ს გამარჯვებით დასრულდა.



  © SBM, 2016-2024