ფუტსალის ლიგა 2-ის საუკეთესო შვიდეული!

ყველა სიახლე
12 აგვისტო 2020

ფუტსალის ლიგა 2-ის საუკეთესო შვიდეული!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წ.წ. სეზონის ჩემპიონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

ფინალური შეხვედრა კსუ-სა და პსპ-ს შორის „სტუდენტების“ სასარგებლოდ 5:1 დასრულდა. გამარჯვებული გუნდი  ბექა ბექაურმა მეოთხე წუთზე დააწინაურა, სხვაობა ორამდე ნიკა ოთანაშვილმა გაზარდა, თამაშის დასრულებამდე კი ნიკა მანგოშვილმა დუბრი გაიფორმა. კსუ-ს ერთი ბურთით გუნდის მეკარე, დავით ჯინჭარაძეც დაეხმარა, რომელიც ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. "ფარმაცევტების" რიგებიდან ერთადერთი ბურთი ლევან სვანიძემ გაქვითა.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ. ჩემპიონატის საუკეთესო უნივერსალი ლუკა ფარცვანია (კსუ) გახდა. საუკეთესო მცველად ბექა ბექაური (კსუ) დასახელდა. ტურნირის საუკეთესო მეკარე გიორგი ემუხვარია (პსპ). საუკეთესო თავდამსხმელის წოდება ნიკა მანგოშვილს (კსუ) ერგო. 36 გატანილი გოლით ბომბარდირის ჯილდო ლევან სვანიძეს გადაეცა (პსპ). საუკეთესო ასისტენტი 18 შედეგიანი გადაცემით ნიკოლოზ კურტანიძე გახდა (პსპ). ფუტსალის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გიორგი ღავთაძეს გადაეცა (კსუ).

Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ემუხვარი, პსპ: „ძალიან კარგი სეზონი გვქონდა. ფინალში რაღაც კომპონენტებში გვაჯობეს, რის გამოც წავაგეთ. მეც ტრავმა მქონდა და გუნდს ვერ ვეხმარებოდი, როგორც კიდევ რამდენიმე მოთამაშე. ამდენი დანაკლისის გამო ბოლოს ძალიან გაგვიჭირდა ფიზიკურად. პირველი თამაშიდან ბოლომდე ყველაფერს ვაკეთებდით ჩემპიონობისთვის, მაგრამ არ გამოგვივიდა. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს გადმოცემული პრიზისთვის. კსუ-ს ვულოცავ გამარჯვებას“

ლევან სვანიძე, პსპ: „კარგი ჩემპიონატი გამოვიდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი SBM-სა და სფფ-ს. ცუდად ვითამაშეთ ფინალში, მეტის გაკეთება შეგვეძლო. პირველ ტაიმში გაშვებული სამი ბურთის შემდეგ შემოტრიალება ვეღარ მოვახერხეთ. მიღებული პრიზისთვის პირველ რიგში, ჩემს გუნდელებს ვუხდი ძალიან დიდ მადლობას.“

ლუკა ფარცვანია, კსუ: „ჩვენს მეტოქესთან სამი თამაში წაგებული გვქონდა. შევძელით მეტად მობილიზებულები ვყოფილიყავით და ასე მიგვეღწია გამარჯვებისთვის. უმაღლეს ლიგაში გადავედით, რაც სასიხარულოა, იქაც დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ და უბრალოდ ჩემპიონატში ყოფნას არ დავჯერდებით.“

ნიკოლოზ კურტანიძე, პსპ: „ვულოცავ კსუ-ს დამსახურებულ გამარჯვებას. ჩვენზე მეტად მოინდომეს და შედეგიც მიიღეს. არსებული საკადრო პრობლემებისა და იმის მიუხედავად, რომ ტრავმით ვთამაშობდით რამდენიმე, მაინც ბოლომდე ვიბრძოლეთ. მეტოქე მოწოდების სიმაღლეზე იყო, რის გამოც ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. მართვესთან გველის უმაღლეს ლიგაში დარჩენილი ერთი ადგილისთვის ბრძოლა, რაც მარტივი არ იქნება.“

ნიკა მანგოშვილი, კსუ:„სეზონის მთავარი მიზანი უმაღლესი ლიგა იყო, თუ ეს ჩემპიონობით მოხდებოდა,გადათამაშების გარეშე, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა. ერთიანი ძალისხმევით ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის. ჩვენი ძალების მეტად ვირწმუნეთ. საუკეთესო თავდამსხმელი რომ გავხდი, მთლიანად ჩემი გუნდის დამსახურებაა და მადლობას ვუხდი მათ.“

14 აგვისტოს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გადათამაშება გაიმართება, ფუტსალის ლიგის მეხუთეადგილოსანი ქუთაისის მართვე ვერცხლის პრიზიორ პსპ-ს უმაღლესი ლიგის საგზურისთვის დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024