კსუ ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონია!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წ.წ. სეზონის ჩემპიონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.
ფინალური შეხვედრა კსუ-სა და პსპ-ს შორის „სტუდენტების“ სასარგებლოდ 5:1 დასრულდა. მიუხედავად ანგარიშისა, მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. გამარჯვებული გუნდი ბექა ბექაურმა მეოთხე წუთზე დააწინაურა, სხვაობა ორამდე ნიკა ოთანაშვილმა გაზარდა, თამაშის დასრულებამდე კი ნიკა მანგოშვილმა დუბრი გაიფორმა. კსუ-ს ერთი ბურთით გუნდის მეკარე, დავით ჯინჭარაძეც დაეხმარა. „ფარმაცევტების“ რიგებიდან ერთადერთი ბურთის გაქვითვა ლევან სვანიძემ შეძლო.
ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დავით ჯინჭარაძე დასახელდა, რომელსაც ესპანური ბრენდი ჯომასგან 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლევან სარდანაშვილი, პსპ:“მივულოცავ გამარჯვებულ გუნდს. დაიმსახურეს ეს წარმატება. მთლიანი სეზონი რომ შევაჯამოთ, ძალიან კარგად ჩავატარეთ რეგულარული ეტაპი და პლეიოფიც, მაგრამ გადამწყვეტ თამაშში დაგვაკლდა მობილიზება და კონცენტრაცია. ნაკლები რესურსი გვქონდა, მატჩისთვის შესაბამისად ვერ მოვემზადეთ. ფიზიკური დაღლაც დაგვეტყო და კსუ-მ გაიმარჯვა.“
გიორგი ღავთაძე, კსუ:“პსპ მთელი სეზონის განმავლობაში ფავორიტი იყო. მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდათ და ჩვენც სამჯერ წავაგეთ მათთან. ფსიქოლოგიურად ვიყავით მომზადებულები, ვიცოდით, რომ ფინალი იყო და დასაკარგი არაფერი გვქონდა,სწორედ ამან განაპირობა ჩვენი გამარჯვება. მოწინააღმდეგე გუნდში ტრავმიანობაც იყო და ამანაც შეგვიწყო ხელი, მაგრამ მაინც უფრო ჩვენი შრომის ხარჯზე ვიმარჯვეთ.“
14 აგვისტოს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გადათამაშება გაიმართება, სადაც ფუტსალის ლიგის მეხუთეადგილოსანი მართვე ვერცხლის პრიზიორ პსპ-ს დაუპირისპირდება უმაღლესი ლიგის საგზურისთვის.