თელასი ზედიზედ მეორე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს!

ყველა სიახლე
08 აგვისტო 2020

თელასი ზედიზედ მეორე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის ნახევარფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები მიმდინარეობს. პირველ მატჩში თელასმა თბილისი კვლავ დაამარცხა, ანგარიშით 8:4 და ფინალში ჩემპიონის ტიტულს დაიცავს.

„ენერგეტიკოსებმა“ სწრაფი გოლით გახსნეს შეხვედრა. თბილისმა წონასწორობის აღდგენა და სამბურთიანი უპირატესობის მოპოვება შეძლო, მაგრამ თელასი მეორე ტაიმში მალევე დაბრუნდა თამაშში და სოლიდური უპირატესობაც მოიპოვა. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთრიკი გაიფორმეს ვახტანგ ჯვარაშვილმა და გიორგი ტიკურიშვილმა. ერთი ბურთია ამირან ცხომარიას ანგარიშზე. თბილისიდან ბექა ონიანმა ორი, ოთარ ბერეჩიკიძემ და კახა გოგოხიამ კი თითო გოლი მიითვალეს და გუნდი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვახტანგ ჯვარაშვილი დასახელდა, რომელსაც ესპანური სპორტული ბრენდი ჯომასგან 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ვახტანგ ჯვარაშვილი, თელასი:“საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა. სწრაფი გოლი გავიტანეთ, მაგრამ ამის მერე არ მოვდუნებულვართ, უბრალოდ ოთხივე კონტრშეტევა შედეგიანად გამოიყენა მეტოქემ. თბილისმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესა და მწვრთნელების მუშაობა ეტყობათ. მეორე ტაიმამდე ორბურთიანი უპირატესობით ლიდერობდა თბილისი, მაგრამ შემდეგ უფრო მოვინდომეთ, ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის. სასიხარულოა, როცა ასეთ შეხვედრას ატრიალებ. ველოდებით მეტოქეს და ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა.“

ბექა ონიანი, თბილისი:“ვულოცავ მოწინააღმდეგეს დამსახურებულ გამარჯვებას. თამაშს მომზადებულები შევხვდით. პირველ ტაიმში წინა შეხვედრისგან განსხვავებით ნაკლები შეცდომები დავუშვით და მომენტები გამოვიყენოთ. ორბურთიანი გაქცევა გვქონდა მეორე ტაიმამდე, მაგრამ თელასის გამოცდილებამ და იმ მოთამაშეებმა, ვისაც შეუძლიათ ინდივიდუალურად გადაწყვიტონ მატჩის ბედი, ძალიან დიდი როლი ითამაშა. ბოლომდე წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ და მესამე ადგილის დაპირისპირებისთვის მოვემზადებით.

ფუტსალის ლიგის მეორე განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა თსუ-სა და ილიაუნის შორის 18:00 საათზე დაიწყება.



  © SBM, 2016-2024