კსუ ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალშია!

ყველა სიახლე
05 აგვისტო 2020

კსუ ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალშია!

ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი ფინალისტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა.

დაძაბულ ნახევარფინალში კსუ-მ თსუ 2 კომფორტული უპირატესობით 4:2 დაამარცხა. გუნდს ფინალის საგზურის მოპოვებაში გიორგი ღავთაძე ორი გოლით დაეხმარა. თითო ბურთია ბექა ბექაურისა და ლაშა ნამორაძის ანგარიშზე. თსუ-მ ერთი ბურთი ავტოგოლით, ერთი კი შალვა ცხადაძის წყალობით გაქვითა, თუმცა დარჩენილ დროში გუნდმა თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ღავთაძე დასახელდა, რომელმაც ესპანური ბრენდი ჯომასგან 100 ლარიანი ვაუჩერი მიიღო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

შალვა ცხადაძე, თსუ2:“მატჩის პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა დაძაბულობა. რა დავალებებიც მივიღეთ თამაშის დაწყებამდე, პირველი ტაიმის ნახევრამდე შევასრულეთ, მაგრამ პოზიციური შეცდომის შემდეგ დასანანი ბურთი მივიღეთ. მეორე ტაიმში თითქოს დავბრუნდით თამაშში, გოლიც გავიტანეთ, მაგრამ ამის შემდეგ მიღებულ ემოციურ მუხტს კვლავ ჩვენს კარში მოჰყვა გოლი, რამაც ძალიან დაგვხია უკან. კსუ კარგი გუნდია, ჩემპიონობის პოტენციალი აქვს და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი მომავალ წელს მეტი ბრძოლის უნარი გვექნება უკეთესი შედეგისთვის.“

გიორგი ღავთაძე, კსუ:“პირველი, რის ხარჯზეც დღეს გავიმარჯვეთ, არის მეტი მონდომება და მომენტების რეალიზება, რაც თამაშზეც აშკარად აისახა. ველოდით ასეთ დაძაბულ თამაშს, რადგან ვიცით როგორი გუნდიცაა თსუ და მასთან გამარჯვება მარტივი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ მათთან შედარებით მეტი გამოცდილებაც გვაქვს, რაც დაგვეხმარა ფინალში გასვლაში. ჯერ არ არის ჩვენი მეტოქის ვინაობა ცნობილი, თუმცა ვფიქრობ, პსპ ფავორიტია და სწორედ მათთან მოგვიწევს დაპირისპირება, რაც ძალიან რთული იქნება.“

ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ფინალისტი პსპ-სა და გორის მატჩის შემდეგ გაირკვევა, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება.



  © SBM, 2016-2024