ლიგა 2-ის პლეიოფში გორი ითამაშებს!

ყველა სიახლე
02 აგვისტო 2020

ლიგა 2-ის პლეიოფში გორი ითამაშებს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტური მიმდინარეობს.

ფუტსალის ლიგა 2-ის პლეიოფში გასასვლელად ერთმანეთს უშუალო მეტოქეები, ევროპის უნივერსიტეტი და გორი დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა და ნახევარფინალში გამსვლელი ბოლო საგზური გორმა მოიპოვა.

მთელი შეხვედრა ანგარიში „სტუდენტებს“ მიჰყავდათ და თამაშის დასრულებამდე  მინიმალური უპირატესობითაც იგებდნენ, თუმცა გორელებს ხელს ფრეც აძლევდათ და საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე ილია ლუკაშვილმა გუნდი პლეიოფში გაიყვანა. გორს ორი ულამაზესი გოლით სპარტაკ ლომიძე დაეხმარა. EU-ს რიგებიდან დუბლი გიორგი ნერგაძემ გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

სპარტაკ ლომიძე, გორი:“პირველ რიგში, მადლობა მოწინააღმდეგეს, რადგან ძალიან დაძაბული თამაში იყო. საყურებლადაც სასიამოვნო შეხვედრა გამოვიდა. ძალ-ღონე არ დავიშურეთ და ამის წყალობით გავედით შემდეგ ეტაპზე. მეტოქისგან ასეთ წინააღმდეგობას ველოდით, თუმცა ჩვენ მეტის გაკეთება შეგვეძლო. მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ნახევარფინალში პსპ-ს ვხვდებით, რომელიც ჩემპიონატის ფავორიტია, გაგვიჭირდება მათთან ბრძოლა, მაგრამ მოტივაცია დიდი გვაქვს.“

ვალერი ქსოვრელიშვილი, EU:“დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, ფაქტობრივად 20 წამში დასრულდა თამაში. მცირე უპირატესობას ვფლობდით და ორი ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოვიყენეთ. ბოლოს ფიზიკურმა დაღლამ იჩინა თავი და დაცვაში უყურადღებობაც ამის ბრალი იყო. მომავალ სეზონზე თუკი ვიასპრეზებთ, ბევრად უკეთ მომზზადებულები შევხვდებით ჩემპიონატს.“

დღე ფუტსალის ლიგით დაიწყო. თსუ-მ წრიული ეტაპის ბოლო მატჩში ქუთაისის მართვე დიდი ანგარიშით 12:1 დაამარცხა. „სტუდენტების“ რიგებიდან ხუთი გოლი გიორგი ჩიმაკაძის ანგარიშზეა.



  © SBM, 2016-2024