პსპ-მ პირველი მარცხი თსუ 2-თან იწვნია!

ყველა სიახლე
28 ივლისი 2020

პსპ-მ პირველი მარცხი თსუ 2-თან იწვნია!

ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონის უპირობო ლიდერმა, პსპ-მ, პირველი მარცხი მეცამეტე ტურის შეხვედრაში თსუ 2-თან იწვნია.

დაძაბულ შეხვედრაში „უნივერსიტეტელები“ ალექსი ტკაჩოვმა მერვე წუთზე დააწინაურა. ნიკოლოზ კურტანიძემ ტაიმის მიწურულს წონასწორობა აღადგინა, თუმცა საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე, ხუთით შეტევაზე გადმოსულ პსპ-სთან დავით ხეჩიკაშვილმა კონტრეშეტევა გოლით დაასრულა და საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა. თსუ 2-მა ამ შედეგით პლიოფში გასასვლელად მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ალექსი ტკაჩოვი, თსუ 2: „პლეიოფში გასასვლელად ვიბრძვით და ეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა. ბოლომდე დავიხარჯეთ, რაღაც მომენტებში გაგვიმართლა კიდეც და შევძელით გამარჯვება. ჩვენი მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყო, დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა ეს შედეგი, ასევე კონტრშეტევები გამოვიყენეთ კარგად, ორივე გოლი ასე გავიტანეთ. ვცდილობთ უკეთეს ფორმაში შევიდეთ და პლეიოფს მომზადებულები შევხვდეთ.“

ნიკოლოზ კურტანიძე, პსპ:“დღეს ჩვენმა მოწინააღმდეგემ ბოლომდე იბრძოლა. მინდა აღვნიშნო მათი მეკარე, რომელმაც ძალიან ბევრი რთული ბურთი მოიგერია. რაც შეგვხება ჩვენ, საკადრო პრობლემები გვაქვს, ცოტანი ვართ. პირველი მარცხია მიმდინარე სეზონში და არაუშავს, თუმცა წინ პლეიოფია და აუცილებლად ფიზიკურად უნდა მოვემზადოთ, რათა ასეთ ტემპს გავუძლოთ.“

ფუტსალის ლიგა 2-ის დასკვნით მატჩში საქართველოს უნივერსიტეტი გორს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024