გორმა თსუ 2-თან საჭირო ქულები მოიპოვა!

ყველა სიახლე
26 ივლისი 2020

გორმა თსუ 2-თან საჭირო ქულები მოიპოვა!

ფუტსალის ლიგა 2-ის მეთორმეტე ტურის დასკვნით მატჩში გორი თსუ 2-ს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში მეტოქე 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. გორელებმა მეთოთხმეტე წუთზე დაწინაურება შეძლეს. მეორე ნახევრის პირველ მეოთხედში თსუ 2-მა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი წინაც გავიდა, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქემ წონასწორობა აღადგინა და უპირატესობაც საბოლოოდ დაიბრუნა. მცდელობების მიუხედავად „უნივერსიტეტელებმა“ ქულის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

ამ მოგებით გორი თავის უშუალო კონკურენტებს კიდევ უფრო მიუახლოვდა, ის თსუ 2-სა და ევროპის უნივერსიტეტს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

იოსებ მამაგულაშვილი, გორი: „ვინაიდან, რამდენიმე მოთამაშე თბილისში ვცხოვრობთ, ფიზიკურად ვერ ვემზადებოდით გუნდთან ერთად და ხელოვნურ საფარზე გვიწევდა ვარჯიში. ძალიან მძიმე თამაში იყო, კონტროლიც დავკარგეთ, მაგრამ მალე შევძელით გადაწყობა და თამაშის სადავეების დაბრუნება. ვფიქრობ, ეს გამარჯვება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ოთხეულისთვის ბრძოლაში. უშუალო მეტოქეს ფეხდაფეხ მივყვებით და შედარებით იოლი გასვლა გველის წინ.“

დავით ხეჩიკაშვილი, თსუ 2: „მიუხედავად იმისა, ვიცოდით, არ ვიყავით სასურველ ფიზიკურ კონდიციაში, მაინც არ ველოდით, რომ ასე წარიმართებოდა მოვლენები. ვფიქრობ, დღევანდელი თამაში ჩვენ წავაგეთ, რადგან ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე კომპონენტში გვაჯობეს. უკეთესი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა სპორტში ასეც ხდება ხოლმე. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. სრული შემადგენლობითაც არ ვიყავით და იმედია, შემდეგში ეს ფაქტორები აღარ იქნება გადამწყვეტი.“

ფუტსალის ლიგისა და ლიგა 2-ის მეცამეტე ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 28 ივლისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024