პანდემიის შემდეგ პსპ კვლავ უდანაკარგოა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის მეთორმეტე ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პსპ-სა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაპირისპირებით გაგრძელდა. დაძაბულ შეხვედრაში „ფარმაცევტებმა“ მინიმალური ანგარიშით 2:1 იმარჯვეს და სატურნირო ცხრილის უდანაკარგო ლიდერის სტატუსს კვლავ ინარჩუნებენ.
მატჩი კსუ-მ აქტიურად დაიწყო, თუმცა მეთერთმეტე წუთზე ლევან სვანიძემ პსპ დააწინაურა და მეორე ტაიმის მიწურულს დუბლიც გაიფორმა. საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ნიკა მანგოშვილმა ერთი ბურთი გაქვითა და „უნივერსიტეტელებმა“ შეხვედრა მინიმალური ანგარიშით დათმეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლევან სარდანაშვილი, პსპ:“ჩვენთან შედარებით, მოწინააღმდეგე გუნდს მეტი რესურსი ჰქონდა, ამიტომ ჩვენს შანსებს უფრო ნაკლებად ვაფასებდით. მომზადების დრო მცირე იყო და ამ ყველაფრის ფონზე დღევანდელი მოგება ორმაგად დასაფასებელია. ჩვენი მიზანი რეგულარული სეზონის უდანაკარგოდ დასრულება არ არის, მთავარია პლეიოფისთვის ვიყოთ მზად და გადამწყვეტ თამაშში ვაჩვენოთ ჩვენი შესაძლებლობები სრულად. ამ მოგებებმა არ უნდა მოგვადუნოს. კსუ საჩემპიონიო გუნდია და ვფიქრობ, ერთ-ერთი ფავორიტია.“
ნიკა მანგოშვილი, კსუ:“პსპ, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ძლიერი გუნდია. ეს სპორტი სწორედ იმიტომაა ასეთი კარგი, რომ მოულოდნელობებით არის სავსე და მიუხედავად იმისა, რომ დღეს მინიმუმ ქულის აღებას მაინც ვიმსახურებდით, დავმარცხდით. სანახაობრივი შეხვედრა იყო, ძირითადად ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით და საბოლოოდ იღბალი დაგვაკლდა. რაც შეეხება ჩემს გოლს, ყველასთვის გულდასაწყვეტ ტრაგედიას მინდა გამოვეხმაურო ამ მცირედით და არაჩვეულებრივი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მივაგო პატივი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს.“