დაძაბულ დერბიში თსუ-მ ილიაუნი დაამარცხა!

ყველა სიახლე
25 ივლისი 2020

დაძაბულ დერბიში თსუ-მ ილიაუნი დაამარცხა!

ფუტსალის ლიგის მეთორმეტე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები, ილიაუნი და თსუ დაუპირისპირდნენ. დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა თსუ-ს სასარგებლოდ 4:3 დასრულდა.

გუნდებმა მთელ თამაშში მაღალი ტემპი შეინარჩუნეს. გამარჯვებული გუნდი პირველად ლევან კობაიძემ დააწინაურა. ილიაუნიმ ორჯერ შეძლო სხვაობის მინიმუმამდე შემცირება, თუმცა თეიმურაზ ექიზაშვილის ჰეთრიკი საკმარისი არ აღმოჩნდა და თსუ-მ უშუალო კონკურენტთან სამი ქულა აიღო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თეიმურაზ ექიზაშვილი, ილიაუნი: „კარგი თამაში გამოვიდა, ორივე მხარემ ვიბრძოლეთ. ორი დასანანი შეცდომა დავუშვით, რამაც ეს მარცხი განაპირობა. პირველი თამაში იყო შესვენების შემდეგ და გაგვიჭირდა ფიზიკურად. შემდეგი მატჩებისთვის ვეცდებით მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მწვრთნელის შენიშვნები. ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი ვართ და ეს უპირატესობად უნდა გამოვიყენოთ ასეთი კალენდარის დროს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება არ გვაქვს სათანადო. ბოლომდე ვიბრძოლებთ და მჯერა, რომ ამ ჩემპიონატში ჩვენს სათქმელს ვიტყვით.“

დავით ბობოხიძე, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი:“ჩვენი მთავარი მიზანი იყო მაქსიმალურად თანაბრად გაგვენაწილებინა სათამაშო დრო ყველაზე და ტრავმის გარეშე დაგვესრულებინა მატჩი და ამ მიზანს მივაღწიეთ. თამაშის წინაც აღვნიშნე, რომ ჩვენი მთავარი მოტივი სამი ქულა არ იქნებოდა და ზემოთ ჩამოთვლილ პრიორიტეტებზე გავაკეთეთ აქცენტი. სასიხარულოა, რომ უშუალო კონკურენტი დავამარცხეთ, ნახევარფინალშიც დიდი ალბათობით სწორედ ილიაუნის ვხვდებით და ის რომ რეგულარული სეზონის სერიაში 2:1 ვძლიეთ, უპირატესობას არ გვაძლევს, რადაგნ ძალიან თანაბარი თამაში იყო, პლეიოფისთვის კი უფრო სერიოზული მომზადება დაგვჭირდება.“

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სათამაშო დღე ფუტსალის ლიგა 2-ის შეხვედრებით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024