გუნდები დატვირთული კალენდრისთვის ემზადებიან!

ყველა სიახლე
21 ივლისი 2020

გუნდები დატვირთული კალენდრისთვის ემზადებიან!

საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონი Covid 19-ით გამოწვეული ოთხთვიანი პაუზის შემდეგ 25 ივლისს განახლდება.

გუნდები რეგულარული სეზონის დასკვნით, მესამე წრეს გააგრძელებენ და ჩემპიონატს შემჭიდროვებულ ვადებში დაამთავრებენ, რაც დამატებითი გამოწვევაა. შეგახსენებთ დებულებაში არსებული ცვლილების შესახებ, საპლეიოფო შეხვედრები ორ მოგებამდე გაიმართება და თასის გათამაშება არ ჩატარდება.

XII ტურის მონაცემებით ოთხეულში გამსვლელთა ვინაობა, ფაქტობრივად, გარკვეულია. თელასი, თსუ, ილიაუნი და თბილისი - სწორედ ეს ოთხეული იბრძოლებს ჩემპიონის გამოსავლენად.

Sbm.ge სეზონის განახლებასთან დაკავშირებით გუნდების მთავარ მწვრთნელებს გაესაუბრა:

ავთანდილ ასათიანი, თელასი: „სეზონის განახლებისთვის მზადება  რეგულაციების შესაბამისად  დავიწყეთ. ოთხი თვეა დარბაზში არ გვივარჯიშია და რთულია გუნდის  ფორმაზე საუბარი.  ყველას გათავისებული გვაქვს, რომ ასეთ გარემოებაში ტრავმების  თავიდან  ასაცილებლად სიფრთხილე გვმართებს. გუნდს შოთა თოფურიაც უბრუნდება,  რომელიც  ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს, თუმცა მას ისე ვერ დავტვირთავთ,  როგორც  გუნდის ლიდერს.“

დიმიტრი მაყიშვილი, თბილისი:“მთელი სეზონის განმავლობაში ჩამოყალიბებული  კონდიციები გუნდმა დაკარგა და ახლა ძალიან მცირე პერიოდი გვაქვს მის აღსადგენად.  მიუხედავად იმისა, რომ მართვესთან ფავორიტად ვითვლებით და სამი ქულის აღებას  ვგეგმავთ, მაინც რთული იქნება, ვინაიდან, პანდემიის შემდეგ პირველი მატჩია. დარჩენილ  თამაშებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა პლეიოფისთვის სათანადოდ  მოვემზადოთ.“

ალიკ სარქისიანი, ილიაუნი:“დატვირთვა ბევრად უფრო დიდი იქნება და ვფიქრობ, ის რომ   ახალგაზრდული გუნდი ვართ, ეს დაგვეხმარება შედარებით უკეთ გავუმკლავდეთ ამ   ფაქტორს. ინდივიდუალურად ყველა ცდილობდა ამ პერიოდში ევარჯიშა, რაც შეკრებაზეც   გამოჩნდა, საკმაოდ მაღალი ტემპი იყო. პირველივე შეხვედრა ძალიან რთული იქნება   ჩვენთვის, მაგრამ როგორც ყოველთვის, ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

დავით ბობოხიძე, თსუ: “მართლაც რომ დიდი პაუზა გამოგვივიდა. მოსამზადებლად   არსებულ დროში შეუძლებელია სრულფასოვნად ძალების აღდგენა. პროგრამა მინიმუმი   შევასრულეთ და პლეიოფში გასულები ვართ. შარშან ნახევარფინალში დავმარცხდით და   წელს ფინალში გასვლა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. სათამაშო გრაფიკი საკმაოდ   მჭიდროა. ვეცდებით, არსებული რესურსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ძალები  შეძლებისდაგვარად მართებულად გადავანაწილოთ. არავინ იცის, ვინ როგორ  კონდინციაში   დაუბრუნდება სეზონს და ვინ როგორ გაუძლებს ამდენ დატვირთვას, თუმცა  ფავორიტად   მაინც თელასი მიმაჩნია.”

ძალაში რჩება პანდემიის პრევენციის მიზნით არსებული შეზღუდვა თამაშებზე დასწრებასთან დაკავშირებით და შესაბმისად, ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

გულშემატკივარს ფუტსალის ლიგის ცენტრალური მატჩების ხილვა, ტრადიციულად, სილკის სპორტულ არხებზე შეეძლებათ. გარდა ამისა, ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ყურება როგორც ვებგვერდ sbm.ge-ზე, ასევე ლიგის Facebook და Youtube არხებზე იქნება შესაძლებელი.



  © SBM, 2016-2024