სუპერლიგის ნახევარფინალისტები ცნობილია!

ყველა სიახლე
08 მარტი 2020

სუპერლიგის ნახევარფინალისტები ცნობილია!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე სუპერლიგის მეოთხედფინალების განმეორებითი შეხვედრებით დასრულდა.

დასკვნით მატჩში პსპ-მ შემოსავლების სამსახურს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა (5:0). „ფარმაცევტები“ პირველივე წუთზე დაწინაურდნენ და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

სხვა განმეორებით შეხვედრაში არმია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია ფრეზე გაიყარნენ (1:1). შმაგი ჭოხონელიძის გოლს TTC-ს რიგებიდან კოტე ოდიკაძემ ბოლო წუთზე უპასუხა, თუმცა პირველ მატჩში „ძალოვნებმა“ 2:1 იმარჯვეს და ამ უპირატესობით ნახევარფინალის საგზურიც მათ მოიპოვეს.

მაესტროსა და საქართველოს ფოსტას დაპირისპირება დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. გუნდების პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. განმეორებითი მატჩის ძირითად დროშიც ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა (2:2). მაესტრომ წონასწორობა ორჯერ აღადგინა, დამატებით ხუთწუთიან ტაიმში კი ლაშა ჩაჩიბაიამ გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს ნახევარფინალის საგზური მოუპოვა (0:1).

სუპერლიგის ნახევარდინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: არმია VS მაესტრო, პატრული VS პსპ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

მერაბ სიმონიშვილი, მაესტრო:“მესამე თამაში გვქონდა უკვე საქართველოს ფოსტასთან, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ორგანიზებული გუნდია. პლეიოფის ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა და ამ დროის განმავლობაში გარკვეული გამოცდილება მივიღეთ. მწვრთნელის დავალებები მაქსიმალურად შევასრულეთ. დამატებით დროში შევძელით გამარჯვების გოლის გატანა. ვფიქრობ, არმია უპირობო ფავორიტია იმ წყვილში, რომელსაც ვხვდებით. ჯგუფში მინიმალური სხვაობით დავმარცხდით, მომენტების გამოუყენებლობის გამო. შეცდომებს გამოვასწორებთ და ჩვენს მთავარ მიზანს, ფინალს, მივაღწევთ.“

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები 15 მარტს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024