არმიამ რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა!

ყველა სიახლე
28 თებერვალი 2020

არმიამ რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი შეხვედრა პატრულსა და არმიას შორის გაიმართა.

„ძალოვანთა დერბი“ როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმის ბოლო წუთში პატრული გიორგი ფურცელაძემ დააწინაურა, თუმცა დროის ამოწურვამდე ბაკურ ნანეიშვილმა წონასწორობა აღადგინა. თამაშის განახლების შემდგომ ენრი ჩადუნელმა გუნდი წინ გაიყვანა და რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში არმიამ 2:1 იმარჯვა და პლეიოფს პირველი ადგილით ხვდება.

ამ შეხვედრის შემდეგ სუპერლიგაში მეოთხედფინალური წყვილების ვინაობა ცნობილია: არმია VS TTC, პატრული VS სფფ, პსპ VS RS და საქართველოს ფოსტა VS მაესტრო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თემურ რაქვიაშვილი, პატრული: „ვიცოდით, რომ არმია ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ველოდით დაძაბულ შეხვედრას. პირველი ტაიმი ჩვენთვის სასურველი სცენარით წავიყვანეთ. შემდეგ რამდენიმეწუთიანი ჩავარდნა გვქონდა, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და ვეღარ მოვახერხეთ ჩვენი თამაშის პოვნა. პლეიოფში სუსტი გუნდი არ არსებობს, თუ სფფ სრული შემადგენლობით იქნება დიდი ბრძოლა მოგვიწევს.“

გიგა ბერაია, არმია:“ჩვენთვის მნიშნელოვანი იყო დღევანდელ დერბიში გამარჯვება, რადგან პატრული პრინციპული მეტოქეა. შარშან ფინალში სწორედ მათთან დავმარცხდით. ვიბრძოლეთ, ყველაფერი გავაკეთეთ სასურველი შედეგის მისაღწევად და გავიმარჯვეთ კიდეც. რაც შეეხება TTC-ს, მათთანაც მაღალი მოტივაციით გავალთ და იმედია მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.“

სუპერლიგის მეოთხედფინალები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პირველ მარტს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024