მეორე წრის დასასრულს ფუტსალის ლიგას კვლავ თელასი ლიდერობს!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეორე წრის დასკვნით მატჩში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ლიდერი თელასი და მეოთხე პოზიციაზე მყოფი თბილისი დაუპირისპირდნენ.
„ენერგეტიკოსებმა“ პირველ ნახევარში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. თბილისმა სხვაობის შემცირება თამაშის განახლებიდან მალევე შეძლო, მაგრამ მეტოქემ სოლიდური უპირატესობა მაინც მოიპოვა და საბოლოოდ 6:2 იმარჯვა. გიორგი ტიკურიშვილმა ჰეთრიკი გაიფორმა, აღსანიშნავია, რომ გიორგი ნიშნიანიძემ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. თბილისის რიგებიდან ორივე ბურთი კახა გოგოხიას ანგარიშზეა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ნიშნიანიძე, თელასი:“რთული თამაში იყო, ძლიერი მეტოქე გვყავდა. ჩემთვის პირადად რთული იყო პაუზის შემდეგ დაბრუნება. მომენტების რეალიზების ხარჯზე დღეს გამარჯვების მოპოვება შევძელით.“
კახა გოგოხია, თბილისი: „თელასთან თამაში ყოველთვის რთულია, ნაკრების მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და ჩვენ ჯერ არ გვაქვს ისეთი დონე, რომ კონკურენცია გავუწიოთ, თუმცა გუნდში პროგრესი იგრძნობა, სამმატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა, სადაც ყველაფერი ჩავდეთ, დღეს კი უბრალოდ ძალები აღარ გვეყო, ბევრი შეცდომა დავუშვით.“
ფუტსალის ლიგის მეთერთმეტე ტური 6 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება და 7 მარტს ქუთაისში დასრულდება.