ბაქსვუდმა დაძაბულ ბრძოლაში მეიჯერელი დაამარცხა!

ყველა სიახლე
23 თებერვალი 2020

ბაქსვუდმა დაძაბულ ბრძოლაში მეიჯერელი დაამარცხა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღე ბრინჯაოს ლიგის სანახაობრივი მეოთხედფინალებით დასრულდა.

დასკვნით მატჩში ბაქსვუდი მეიჯერელს დაუპირისირდა და მიუხედევად ფავორიტობისა, გამარჯვება მარტივად არ მოუპოვებია. ალიკ სარქისიანის გოლს მეიჯერელის რიგებიდან ნიკოლოზ თბილელმა უპასუხა, ოცდამეცხრე წუთზე კი გადამწყვეტი გოლი გიორგი ვაშაკიძემ შეაგდო და ბაქსვუდმა 2:1 იმარჯვა.

დაძაბული გამოდგა დიპლომატ ჯორჯიასა და მტკვარი-ენერჯის მატჩიც. პირველმა ტაიმმა გოლის გარეშე ჩაიარა, ოცდამეორე წუთზე გიროგი ხარშილაძემ „ენერგეტიკოსები“ დააწინაურა, თუმცა ჯაბა ხანიაშვილის გოლით ანგარიში გათანაბრდა და შეხვედრის დასრულებმადე ორი წუთით ადრე გიორგი შეროზიამ დიპლომატ ჯორჯიას გამარჯვება მოუტანა (2:1).

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გურამ შანიძე, მეიჯერელი: „ბაქსვუდი ჩვენს ლიგაში ყველაზე გამოცდილი გუნდია. ჩვენ დებიუტანტები ვართ და ამის ფონზე კარგი ურთიერთშეხვედრა გამოვიდა. ბრძოლით თავი არ დაგვიზოგავს, მაგრამ გამოცდილება დაგვაკლდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მოწინააღმდეგის სათამაშო კლასი. იმედია მომდევნო მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.“

გიორგი ვაშაკიძე, ბაქსვუდი: „დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტებად ვითვლებოდით და გამარჯვებას ველოდით, თუმცა ვიცოდით, რომ დაძაბული მატჩი იქნებოდა. როგორც გულშემატკივარმა ნახა, რთული თამაში იყო. კლასისა და გამოცდილების ხარჯზე შევძელით ანგარიშის ჩვენს სასარგებლოდ წარმართვა.“

ბრინჯაოს ლიგის მეოთხედფინალების განმეორებითი შეხვედრები 8 მარტს გაიმართება. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სხვა შეხვედრები კი პირველ მარტს შედგება, სადაც მაყურებელი ოქროს ლიგის მეათე ტურის გარდა, ვერცხლისა და სუპერლიგის მეოთხედფინალებს იხილავს.  



  © SBM, 2016-2024