თელასმა უშუალო კონკურენტი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეცხრე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თელასი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა, განსაკუთრებით თამაშის მიწურულს. „უნივერსიტეტელებმა“ სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვა მოახერხეს და ბოლო წუთზე წონასწორობა აღადგინეს. საფინალო სირენამდე ოცდაათი წამით ადრე „ენერგეტიკოსებმა“ ექვსმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად გამოიყენეს და უშუალო კონკურენტი 4:3 დაამარცხეს. თელასის რიგებიდან ორი ბურთით ვახტანგ კეკელია გამოირჩა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ბორის ესებუა, თელასი: „ჩვენი გუნდი ჯერ კიდევ შეთამაშების ეტაპზეა. ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ვფიქრობ, თსუ ჩვენი უშუალო კონკურენტია, სატურნირო ცხრილიც ამაზე მიუთითებს. დღევანდელ მატჩში მეტად გაგვიმართლა, ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი სტანდარტულიდან გავიტანეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ.“
შაკო კაპანაძე, თსუ: „დაძაბული მატჩი იყო. თავიდანვე ბევრი შეცდომა დავუშვით. სამი ბურთით ვაგებდით, შემდეგ მეტად მოვბილიზდით, ანგარიშის გათანაბრებაც შევძელით, თუმცა ბოლოს ისევ უაზრო შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ.“
ამ მოგებით თელასმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი გაიმყარა და უახლოეს მეტოქეებს ექვსი ქულით უსწრებს.
ფუტსალის ლიგის მეათე ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 24 და 28 თებერვალს გაიმართება.