ვერცხლის ლიგაში პლეიოფის წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
16 თებერვალი 2020

ვერცხლის ლიგაში პლეიოფის წყვილები ცნობილია!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესი ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე სუპერლიგის მეშვიდე ტურის დასკვნითი მატჩით დასრულდა. ერთმანეთს საქართველოს ფოსტა და პსპ დაუპირისპირდნენ. „ფარმაცევტები“  ბოლო წუთამდე გური გოგიჩაიშვილის გოლით იგებდნენ, თუმცა გიორგი ღონღაძემ საჯარიმო დარტყმა გამოიყენა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

სუპერლიგის სხვა შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და შემოსავლების სამსახური ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 2:2. სფფ-მ პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი ჩამორჩენა ოცდამეექვსე და ოცდამეცხრამეტე წუთზე გატანილი გოლებით აღმოფხვრა.

ვერცხლის ლიგაში რეგულარული სეზონი ევროპაბეთისა და საქართველოს ბანკის დაპირისპირებით დასრულდა. „ბუკმეიკერები“ პირველ ნახევარში ორი ბურთით დაწინაურდნენ, თუმცა ბანკირებმა მეორე ტაიმში სამი საპასუხო გოლის გატანა შეძლეს და 3:2 იმარჯვეს.

მეშვიდე ტურის შემდეგ ვერცხლის ლიგის მეოთხედფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: კავკასიის ავტოიმპორტი VS ავერსი, საქართველოს ბანკი VS ჰუავეი, ლიბერთი ბანკი VS სახელმწიფო ელექტროსისტემა და ICR VS ევროპაბეთი.

ვერცხლის ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრები პირველ მარტს გაიმართება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ირაკლი გამყრელიძე, BOG:”ჩვენთვის ეს თამაში ქულების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არ ყოფილა, თუმცა ევროპაბეთი პრინციპული მეტოქეა. რამდენიმე წლის წინ პლეიოფში გამოვაგდეთ ისინი და მოგებას ცდილობდნენ. პირველი ტაიმი ჩავაგდეთ. შემდეგ მოვიკრიბეთ ძალები და სასიხარულოა, რომ შევძელით ჯგუფური ეტაპის მოგებით დასრულება.“

გიორგი ლუკავა, ევროპაბეთი: „სატურნირო ცხრილზეც აისახება, რომ საქართველოს ბანკი საკმაოდ ძლიერია. დაძაბული შეხვედრა გამოდგა. ორი ბურთით ვიგებდით და შემდეგ მოვეშვით, რამაც განაპირობა მიღებული გოლები. მოწინააღმდეგე მეორე ტაიმში უფრო მოტივირებული გამოვიდა. დღეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა, მესამე ადგილით გავდიოდით პლეიოფში და გეგმებიც უკეთესად ლაგდებოდა. ნახევარფინალისტების ვინაობას თამაშის ხარისხი გადაწყვეტს.“

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე 23 თებერვალს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024